„უნდა იცოდე ვის ეჭიდავებიო!“ - მერის წარმომადგენელს სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებენ

საილუსტრაციო ფოტო: სოფელ კაბალის აბრა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ქისმად ისმაილოვი სოფელში მერის წარმომადგენელს სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს. როგორც ისმაილოვი ამბობს, მერის წარმომადგენლის სახელით მოკვლით მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც სოციალურ ქსელ ტიკტოკში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

ისმაილოვი ვიდეოში ამბობს:

„7 სექტემბერს, როცა სტიქია იყო, ჩემს საცხოვრებელ სახლსაც გადახადა სახურავი. მას შემდეგ არაერთხელ ვითხოვე დახმარება, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა. გადავწყვიტე, ჩემი სახსრებით შემერემონტებინა ჭერი, თუმცა უსახსრობის გამო სრულად ვერ შევძელი. ახლა წვიმის დროს ოთახებში სახურავიდან წყალი ჩამოდის. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ვითხოვე დახმარება. ამჯერად მერიიდან მოვიდნენ წარმომადგენლები და პრობლემა ჩაინიშნეს, თუმცა მას შემდეგ თითქმის ერთი თვე გავიდა და აღარავინ მოსულა. ეს მთავრობა ხალხთან მაშინ მიდის, როცა არჩევნებში ხმები სჭირდებათ, როცა პრობლემა ჩვენ გვაქვს, ეს არავის აინტერესებს“, - ამბობს ტიკტოკში გამოქვეყნებულ ვიდეოში კაბალში მცხოვრები ქისმად ისმაილოვი.

მისი თქმით, ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე, 2 ოქტომბერს, სახლში მიაკითხა სამმა ადგილობრივმა და უთხრა, რომ მოქმედებდნენ მერის წარმომადგენლის, ასიფ მამედოვის დავალებით.

ქისმად ისმაილოვი

ისმაილოვი ჰყვება, რომ ავტომობილში ჩასვეს, ტყეში წაიყვანეს და ვიდეოს წაშლა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

„ტიკტოკზე ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე ჩემთან სახლში მოვიდა სამი პიროვნება. ერთმა მითხრა, რომ მერის წარმომადგენლის დეიდაშვილია. ავტომობილში ჩამსვეს და მეზობელი სოფლის, ფონის ტყეში წამიყვანეს. თავიდან დაიწყეს ლაპარაკი, რომ ვიდეო უნდა წამეშალა, შემდეგ ახალი გადამეღო, სადაც მთავრობის კრიტიკის გამო ბოდიშს მოვიხდიდი და ისევ ჩემს ტიკტოკში გამოვაქვეყნებდი... ამაზე მე უარი განვაცხადე... გადმოვიდნენ მანქანიდან და დაიწყეს მუქარა, ბოლოს მოგიღებთ, მოგკლავთო. მითხრეს, ჩემს მცირეწლოვან შვილზეც მეფიქრა. შვილზე მუქარის გამო შემეშინდა და ვიდეო წავშალე, თუმცა სახლში რომ დავბრუნდი, ისევ დავდე. კიდევ მოვიდნენ, მეუბნებოდნენ, შენ გამგებლის დონის არ ხარ და უნდა იცოდე, ვის ეჭიდავებიო. ისეთ ხალხს ვიცნობთ, რომ წუთებში გაგაქრობენო. დახმარებას ვითხოვ, რადგან მე და ჩემი ოჯახი საფრთხეში ვართ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქისმად ისმაილოვმა, რომელმაც მუქარის მიუხედავად, ტიკტოკში მეორედ გამოქვეყნებული ვიდეო აღარ წაშალა.

ქისმად ისმაილოვი ჰყვება, რომ ამის შემდეგ მერის წარმომადგენლის სახელით მოქმედმა ადამიანებმა მიაკითხეს მის დეიდაშვილს, სახავათ სადაროვს და მასაც დაემუქრნენ. რადიო თავისუფლება სადაროვსაც ესაუბრა.

„მე პროფილაქტიკაში ვმუშაობ და იქ მომაკითხეს. ამბობდნენ, კაი ბიჭები ვართ და ქურდებთან გვაქვს საქმეო. თუ ვიდეოს არ წააშლევინებ, მაშინ შენც და იმანაც დატოვეთ საქართველო, თორემ შენც მოგკლავთო. მეუბნებოდნენ, ასიფა შენი დონის არ არის, ასე არ უნდა მოქცეულიყავითო. მე ვუთხარი, გელოდებით და რაც გინდა, ის გააკეთეთ-მეთქი“.

რადიო თავისუფლებამ სცადა კაბალში მერის წარმომადგენელთან, ასიფ მამედოვთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მამედოვი სამუშაო საათებში არ დაგვხვდა არც სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში.

კაბალში მცხოვრები ჯეიჰუნ ისკანდაროვი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ქისმად ისმაილოვს სახლში მიაკითხა და ტყეში წაიყვანა. ის ისმაილოვთან შეხვედრას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მოკვლით არ დამუქრებიან.

„კი, შევხვდით ისმაილოვს და სასაუბროდ წავიყვანეთ, მაგრამ სიცოცხლის მოსპობით არ დავმუქრებივართ. გვინდოდა აგვეხსნა, რომ არასწორ საქციელს ჩადიოდა, ეს იყო და ეს“.

მომხდარის შესახებ არაფერი იცის ლაგოდეხის მერმა. ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ თუ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, დაზარალებულმა გამოძიების დაწყების თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოს.

პოლიციის შენობა სოფელ აფენში, სადაც ქისმად ისმაილოვი გამოჰკითხეს

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ქისმად ისმაილოვის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 4 ოქტომბერს დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით. გამომძიებლის შეკითხვებს უკვე უპასუხა ისმაილოვმა. იგეგმება კაბალში მერის წარმომადგენლის, ასიფ მამედოვის გამოკითხვაც.