აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სამი ყოფილი პრეზიდენტი - არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი და არაიკ არათიუნიანი. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA იტყობინება სამშაბათს.
პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, თუმცა რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, სააგენტო არ აკონკრეტებს.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახური აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტების დაკავებას ადასტურებენ ოფიციალური წყაროები ბაქოში. მათი ინფორმაციით, ღუკასიანი, საჰაკიანი და კიდევ ერთი დაკავებული, ყარაბაღის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით იშხანიანი, უკვე ჩაიყვანეს აზერბაიჯანის დედაქალაქში.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით სამხედრო ოპერაცია დაიწყო მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც ათიათასობით ეთნიკური სომეხი ცხოვრობს. 20 სექტემბერს არაღიარებული რეგიონის ხელმძღვანელობამ ბაქოს პირობებით კაპიტულაცია გამოაცხადა. რეგიონის თითქმის მთელმა სომხურმა მოსახლეობამ დატოვა სახლები.
27 სექტემბერს, მთიანი ყარაბაღის დატოვების მცდელობისას, დააკავეს არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი მეთაური, მილიარდერი რუბენ ვარდანიანი. მას სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალდებები, მათ შორის ტერორიზმის დაფინანსებაში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნასა და საქმიანობაში მონაწილეობაში.
29 სექტემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა მთიანი ყარაბაღის არმიის ყოფილი სარდალი ლევონ მნაცაკანიანი, ასევე რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ბაბაიანი.