ვენეციის კომისია დასკვნას არ მოამზადებს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც 14 სექტემბერს მიიღო საქართველოს მთავრობამ. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განმარტა, რომ ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიისგან მიღებულ პასუხში.
„ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიაში ევროპული კომისიის რჩევით და თხოვნით გავგზავნეთ. ვამბობდით კიდევაც, რომ ცოტა უცნაური იყო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის დასკვნა გვეთხოვა. ასეც მოხდა - პასუხად ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, რომ ვინაიდან ეს სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი არ არის, საკითხზე დასკვნის მომზადებას ისინი ვერ შეძლებენ.
იგივე თხოვნა იყო მოლდოვის მიმართაც, რომელთაც ასევე ვენეციის კომისიაში გააგზავნეს გეგმა. დუბლინში კომუნიკაცია მქონდა კოლეგებთან, მათ შორის მოლდოველ კოლეგებთან და, როგორც ჩანს, იქაც ვენეციის კომისიის დასკვნა სამოქმედო გეგმაზე არ იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა 2 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
ასევე ნახეთ მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღოდეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 სექტემბერს ილაპარაკა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ საუბრისას თქვა, რომ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი, არსებითად, შესრულებულია, დარჩენილია რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ. „ჩვენ არ მივიღეთ კანონი, ჩვენ ერთ-ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მასში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე, არამედ მიზნად განსაზღვრულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა.
19 სექტემბერს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აღნიშნული კანონპროექტი არ მიეღო და ამის მიზეზად კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლო საფრთხე დაასახელა.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.