Reuters-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები უკრაინაში მებრძოლი რუსული „შტორმ-Z“ ქვედანაყოფების შესახებ, რომლებიც ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე გამოიყენება. როგორც გამოძიებაშია ნათქვამი, ამ ქვედანაყოფებში გაგზავნა დამნაშავე ჯარისკაცების დასჯის ერთ-ერთ მეთოდად იქცა. ფაქტობრივად, საქმე ეხება საჯარიმო ბატალიონების ანალოგებს, რომლებიც წითელ არმიაში არსებობდა მეორე მსოფლიო ომის დროს.
Reuters-ი იმოწმებს 13 ადამიანს, ვინც იცნობს ამ ქვედანაყოფების ირგვლივ არსებულ ვითარებას, მათ შორის ხუთ მებრძოლს, ასევე მათი ოჯახების წევრებს. ყველამ ისურვა ანონიმურობის დაცვა.
„‘შტორმის’ მებრძოლები ეს უბრალოდ ხორცია“, - იმოწმებს სააგენტო ერთ-ერთ თანამოსაუბრეს, რეგულარული არმიის ჯარისკაცს. ის ირწმუნება, რომ ბახმუტთან გამართულ ბრძოლებში სარდლობამ სამხედრო მოსამსახურეებს უბრძანა, სამედიცინო დახმარება არ გაეწიათ „შტორმის“ დაჭრილი მებრძოლებისთვის, მათ ეპყრობოდნენ, როგორც სახარჯო ნივთებს (ჯარისკაცის თქმით, მან დაარღვია ბრძანება და დაჭრილებს მაინც ეხმარებოდნენ).
რუსეთის სამხედრო მედიასაშუალებები და კრემლის მხარდამჭერი მედია ოფიციალურად აღიარებენ „შტორმ-Z“-ის ქვედანაყოფების არსებობას, ზოგი მედიასაშუალება კი აღნიშნავს, რომ ისინი, სხვა წყაროებთან ერთად, პატიმრების რეკრუტირებით ყალიბდება. თუმცა, Reuters-ი აცხადებს, რომ ის პირველია, ვინც შეაგროვა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ამ ქვედანაყოფებს საჯარიმო ბატალიონების ანალოგებად იყენებენ.
დარღვევებს შორის, რისთვისაც ისინი იგზავნებიან „შტორმის“ რაზმებში, არის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება და ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმა. თითოეულ რაზმში დაახლოებით 100-150 ადამიანია, ისინი უფრო დიდი ქვედანაყოფების შემადგენლობებში შედიან, ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე იგზავნებიან და, როგორც წესი, უმძიმეს დანაკარგებს განიცდიან. Reuters-ის ერთ-ერთი თანამოსაუბრე, რომელიც კოლონიიდან აიყვანეს ფრონტისთვის, ირწმუნება, რომ ივნისში ბახმუტთან მის რაზმში 120 ადამიანიდან მხოლოდ 15 გადარჩა.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისგან“ განსხვავებით, სადაც ადრე აჰყავდათ პატიმრები, „შტორმ-Z“-ის ქვედანაყოფები უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. რუსეთის სამხედრო უწყებამ არ უპასუხა Reuters-ის შეკითხვას.