ლავროვი ბჟანიას დაჰპირდა, რომ გააფართოებს მაღიარებელი ქვეყნების წრეს

ასლან ბჟანია (მარცხნივ) და სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას და „საგარეო საქმეთა მინისტრს“, ინალ არძინბას შეხვდა.

ლავროვმა ბჟანიასა და არძინბას მოსკოვის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების 15 და „ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავი მიულოცა“.

ვიცი, რომ მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მონაწილეობით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველა სფეროსადმი, მათ შორის ეკონომიკის, სოციალური სფეროს, ენერგეტიკის განვითარებისა და საერთაშორისო პლატფორმებზე ურთიერთქმედების კუთხით. გავაფართოებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას“, - თქვა ლავროვმა ბჟანიასთან მისალმებისას.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ე.წ. სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა. რუსეთის შემდეგ, საქართველოს ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ცნეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ასლან ბჟანიას უკრაინაში, ომში, რუსეთის მხარეს მებრძოლებისთვის „რეგულარული ჰუმანიტარული დახმარებისთვის“.

„ვიმედოვნებ, რომ ეს დახმარება ნამდვილად შეუწყობს ხელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გამოსვლებში აღნიშნული შედეგის მიღწევას", - დასძინა ლავროვმა.

ბჟანიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ურთიერთობები "აფხაზეთსა და რუსეთს შორის დინამიკურად ვითარდება“. მან მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას სოხუმის აეროპორტის აღდგენის საინვესტიციო პროექტის განხორციელების ახლახან გაფორმებული შეთანხმებისთვის.

„ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ მიმართულებით რამდენიმე წელია ვმუშაობთ. მინდა მადლობა გამოვხატო ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებისთვის. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენმა მოქალაქეებმა დოკუმენტი დიდი ენთუზიაზმით მიიღეს“, - განაცხადა ბჟანიამ.

დე ფაქტო ლიდერმა „ხაზგასმით აღნიშნა აფხაზეთის ხელმძღვანელობისა და ხალხის ერთგულება იმ ინტეგრაციის პროცესებისადმი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინიციატივით მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

„ჩვენ ამაში მონაწილეობა გვინდა, ეს აფხაზეთის მოქალაქეების ფუნდამენტურ ინტერესებს შეესაბამება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" - როგორც რუსეთი უწოდებს სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.

„დარწმუნებული იყავით, რომ ბოლომდე თქვენთან ვართ“, - განაცხადა მან.

როგორც სააგენტო "აფსნიპრესი" იუწყება, ასლან ბჟანიამ სერგეი ლავროვს ახძ-აფშას I ხარისხის ორდენი გადასცა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭა აფხაზეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო „აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისთვის, აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებაში“.

ის, რომ ლავროვს ამ მედლით დააჯილდოებდნენ, მიმდინარე წლის მარტში გახდა ცნობილი. "ღირსებისა და დიდების" I ხარისხის ორდენით სხვადასხვა წლებში დაჯილდოვდნენ ფაზილ ისკანდერი, ვლადისლავ არძინბა, ედუარდ კოკოითი, დანიელ ორტეგა, უგო ჩავესი, ბაშარ ალ-ასადი და ვლადიმირ პუტინი.