ყირიმში რუსეთის არმიაზე თავდასხმებს ახლავს ყირიმელი თათრების ჩხრეკა და დაპატიმრება - რეფატ ჩუბაროვი

რეფატ ჩუბაროვი, დევნილობაში მყოფი ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ, საოკუპაციო ძალები დაუყოვნებლად იწყებენ ყირიმელი თათრების ჩხრეკას და დაკავებას. ოკუპანტები ასე ცდილობენ შეინარჩუნონ კონტროლი საზოგადოებაზე, რისთვისაც რეპრესიებს აძლიერებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადა რეფატ ჩუბაროვმა, დევნილობაში მყოფი ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ.

"ჩვენ შევამჩნიეთ, რომ რუსეთის საოკუპაციო არმიისთვის ძალიან მძიმე დანაკარგებით მასობრივი დარტყმების შემდეგ, დაუყოვნებლივ განხორციელდა მასობრივი ჩხრეკა, შემდეგ კი ყირიმელი თათრების დაპატიმრებები. ასე შარშან ნოვოფედოროვკაში, საკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სამხედრო თვითმფრინავები განადგურდნენ. ფაქტობრივად ერთი დღის შემდეგ, ჯანკოის რაიონში მძლავრი საბრძოლო მასალის საწყობი განადგურდა. ამის შემდეგ ჯანკოის რაიონში ყირიმელი თათრების სახლებში მასობრივი ჩხრეკები დაიწყო და ექვსი ადამიანი დააკავეს", - განაცხადა რეფატ ჩუბაროვმა.

ასევე ნახეთ

ჯანკოისთან მომხდარი აფეთქების სატელიტური ფოტოები გამოჩნდა

2023 წლის აგვისტოში ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლობამ ნახევარკუნძულის 180 მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების შესახებ განაცხადა. მათგან 117 ყირიმელი თათარია.

ყირიმელი თათრების მეჯლისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული და აკრძალულია.

უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო აგრესიის დაწყებამდე, რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა ყირიმის უზენაესმა სასამართლომ სიმფეროპოლში დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეს, რეფატ ჩუბაროვს, რომელსაც 6 წლით პატიმრობა მიესაჯა სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

პროკურატურა 9 წლით პატიმრობას მოითხოვდა.

მეჯლისის ლიდერი უკრაინის მოქალაქეა, მან ყირიმი ანექსიის შემდეგ მალე დატოვა და ამჟამად კიევში ცხოვრობს.

ასევე ნახეთ

ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეს დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა