საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოდიშს უხდის ბელგიის მეფე ფილიპეს იმის გამო, რომ ვერ მიიღებს მონაწილეობას "ევროპალია საქართველოს" ინაუგურაციაში. პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დათარიღებულ წერილში აღნიშნავს, რომ მიზეზია საქართველოს მთავრობისგან მიღებული დაუსაბუთებელი უარი ღონისძიებაში მონაწილეობაზე.
"ჩემი ნებისგან სრულიად დამოუკიდებელი ორი მიზეზი – ერთი მხრივ, მთავრობის დაუსაბუთებელი უარი ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ ჩემს წინადადებაზე, მეორე მხრივ, სწორედ 3 და 4 ოქტომბერს ჩანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინების განხილვა – აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის შევასრულო ჩემი წარმომადგენლობითი მოვალეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.
თქვენო უდიდებულესობავ, მსურს გულწრფელი ბოდიში მოვიხადო ჩემგან დამოუკიდებელი, გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო წამს აუცილებელს ხდის იმ საპროტოკოლო გადაწყვეტილებების შეცვლას, რომლებზეც დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა. მეორე მხრივ, მსურს ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მოგახსენოთ მადლობა ევროპის ცენტრში ქართული კულტურის ესოდენ დიდი პატივით მიღებისათვის. ყველაფრის მიუხედავად, მტკიცედ მჯერა, რომ ეს მოვლენა გადაიქცევა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს ურთიერთობის ისტორიის განსაკუთრებულ ფურცლად", - წერია მეფე ფილიპესთვის მიწერილ წერილში.
ჯერ კიდევ 30 აგვისტოს იყო ცნობილი, რომ საქართველოს მთავრობა უარს ეუბნებოდა პრეზიდენტს 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში ვიზიტზე.
ასევე ნახეთ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს 80 დეპუტატი მიმართავს"ევროპალია 2023" საქართველოს ეძღვნება. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებიც გაიმართა. ფესტივალი "ევროპალია" ხელოვნების ყველა მიმართულებას მოიცავს და მიზნად ისახავს ქვეყნის კულტურის მაქსიმალურ წარმოჩენას.