პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავარი პარტნიორის, აშშ-ის, დაფინანსება იხარჯება ქვეყანაში არეულობის მოწყობის ინსპირაციაში. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ USAID სკანდალში გაეხვა.
"მნიშვნელოვანია ის, რომ ის ჩრდილი, რაც მიადგა ამერიკის დახმარებას საქართველოს მიმართ... გააკეთონ განმარტება, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის და გადასახადების გადამხდელების ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის ან ჯგუფების მომზადებისთვის, რომლებმაც არეულობები უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება უნდა მოახდინონ", - უთხრა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში.
ასევე ნახეთ კობახიძე განმარტებას ითხოვს აშშ-სგან „რევოლუციის მოწყობაზე“ ტრენინგის დაფინანსებისთვისმან "შავი დღე" უწოდა ამ ინფორმაციის გაჟღერებას. რამდენიმე თვის წინ, მარტში, სწორედ ეს სიტყვები გამოიყენა აშშ-ის საელჩომ საქართველოში, როცა პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონის (პირველი მოსმენით) მიღების შესახებ სინანულს გამოხატავდა.
"ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, როდესაც ვხედავთ, რომ, როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, მოხდეს ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია ამერიკელი ხალხის ფული. ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენედ ეხვევა ასეთ სკანდალში", - თქვა პაპუაშვილმა.
მან გაიხსენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს "სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებულ პარალელური დათვლის პროცესში დაშვებული შეცდომა, რომელიც ამ ორგანიზაციამ მოგვიანებით თავადვე აღიარა. ამ მიზეზით "სამართლიანი არჩევნები" დატოვა მისმა მაშინდელმა დირექტორმაც.
"გავარკვიეთ, რომ ISFED-ის ხელმძღვანელის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ მისმა დონორმა, USAID-მა იცოდა, რომ შედეგები, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა, ყალბი იყო და ამას უმალავდა საზოგადოებას, არც ეუბნებოდა ხელისუფლებას და ხალხს...
დღემდე არ გაუკეთებია ამაზე კომენტარი და განმარტება USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები ყალბი იყო. ხედავდნენ, რომ ეს ყალბი პარალელური დათვლის შედეგები არეულობის საფუძველი იყო", - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მაღალი თანამდებობის პირები პარტია "ქართული ოცნებიდან" ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობაზე საუბრობენ. ამ საქმეზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომელთაც ადანაშაულებდნენ აქტივისტების დატრენინგებაში ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.
ასევე ნახეთ საქართველოს დატოვების უფლება მისცეს მათ, ვისაც სუსი ხელისუფლების დამხობაში გადამზადებაში ადანაშაულებს