საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანა დატოვეს სერბეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებზეც სუსი აცხადებს, რომ მათ გადაამზადეს ადამიანები, "რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ". უწყების წარმომადგენელმა ხვიჩა ბეგიაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით.
"სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატებისა და თარჯიმნების თანდასწრებით გამოიკითხნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ, რა დროსაც ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და რიგ დეტალებში არის ურთიერთგამომრიცხავიც...
აქვე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ დესტრუქციულ გეგმებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება წინმსწრებად გაავრცელა მიმდინარე წლის 18 სექტემბერს. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით", - თქვა ხვიჩა ბეგიაშვილმა.
ამ ბრალდებების გაჟღერების შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები".
რადიო თავისუფლებამ სუსის პრესსამსახურში დამატებით იკითხა, როგორ შეძლეს საქართველოს დატოვება იმ ადამიანებმა, რომლებსაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის გზებში მოქალაქეების გადამზადებაში ადანაშაულებს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
"მათ მიერ 2023 წლის 26-29 სექტემბრის პერიოდში ქ. თბილისში მდებარე სასტუმროში „იბისი“ მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.
აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ, ასევე, გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნისა და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს. მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და სწავლება ჩაუტარეს ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე, აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებზე, პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვასა და ძალაუფლების ხელში აღებაზე, საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილ იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი", - აღნიშნეს უსაფრთხოების სამსახურში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრებიც, რომელიც ფარულად გადაღებულია იმ სივრცეში, რომელშიც ტრენინგები ტარდებოდა.
სუსმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება სამოქალაქო არეულობის მოწყობა და დესტაბილიზაცია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“, "რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.
სერბული ახალგაზრდული მოძრაობა "ოტპორი" (Отпор!) 1998-2004 წლებში არსებობდა. ამ ორგანიზაციის გამოცდილებას და სიმბოლიკას იყენებს საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული მოძრაობა "კმარა", რომელსაც თავისი როლი ჰქონდა 2003 წლის ნოემბრის "ვარდების რევოლუციაში."
„არეულობის გეგმის ავტორებად" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა 18 სექტემბერს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები - მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მათ "იდიოტობა" და "სრული ბოდვა" უწოდეს სუსის განცხადებას.
ასევე ნახეთ ყურადღების გადატანა? - სუსი შემოდგომის „შეთქმულებასა“ და „მაიდნის სცენარზე“ იწყებს საუბარსამ საქმეზე 29 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი.
ასევე ნახეთ „რევოლუციური სცენარის" საქმე: სუს-ში სერბეთის მოქალაქე გამოკითხესპრორუსულმა პარტია „კონსერვატიული მოძრაობამ“ „მაიდანის სცენარზე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „ანტიმაიდანი“ დააანონსა, ხალხის ინფორმირების მიზნით რეგიონებში შეხვედრები დაგეგმა და ფულადი სახსრების შეგროვება დაიწყო.
ასევე ნახეთ „მაიდანის სცენარზე“ სუსის განცხადების შემდეგ „ალტ-ინფო“ „ანტიმაიდანს“ აანონსებს