სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან დევნილთა „უკანასკნელი ავტობუსი“ ჩავიდა

დევნილები არაღიარებული ყარაბაღიდან

არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაკადის ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო 24 საათის განმავლობაში, „პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მიდის“, - განაცხადა კვირას სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის, გეგამ სტეპანიანის განცხადებით, დევნილთა ბოლო ავტობუსი ქალაქ გორისში კვირას ჩავიდა. მასში 15 ადამიანი იმყოფებოდა. მისივე თქმით, პროცესში მოხალისეებიც იყვნენ ჩართული. სტეპანიანმა მოუწოდა ყველას, არაღიარებულ ყარაბაღში დარჩენილი მარტოხელა და უმწეო ადამიანების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს" დაუკავშირდნენ.

სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 1 ოქტომბრის საღამოს მდგომარეობით, ქვეყანაში მთიანი ყარაბაღიდან 100 514 იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა. ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ეს რიცხვი მინიმალურად გაიზარდა.

ერევნის მონაცემებით, წლის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა 120 ათას ადამიანს შეადგენდა. უფრო ზუსტი მონაცემები არ არსებობდა. არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი წარმომადგენლების თქმით, რეგიონი ახლა თითქმის მთლიანად დაცლილია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის მიერ „ანტიტერორისტულ ღონისძიებებად“ წოდებულ მოქმედებას „ეთნიკური წმენდა“ და „დეპორტაცია“ უწოდა. პასუხად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეგიონის მოსახლეობას საკუთარ სახლებში დარჩენისა და აზერბაიჯანულ საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესის დაწყებისკენ მოუწოდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კვირას განაცხადა, რომ მიგრაციის სამსახურისა და შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა რეგიონში მუშაობა დაიწყეს. მათი მიზანია, ხელი შეუწყონ ყარაბაღის სომეხი მცხოვრებლების აზერბაიჯანულ საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია აზერბაიჯანელი სამხედროების რეგიონის დედაქალაქში, სტეფანაკერტში (ხანკენდი) ან სხვა დასახლებებში შესვლის შესახებ.

სომხეთის ხელისუფლება დახმარებას უწევს ყარაბაღიდან დევნილებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბრძანებით, თითოეულ იძულებით გადაადგილებულ პირს 250 დოლარის ოდენობის კომპენსაციას გამოუყოფენ, თითოეული დევნილი ოჯახი, სულ ცოტა, 6 თვით თვეში 100 დოლარის ოდენობის თანხას მიიღებს, საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ ერევნის მხარდაჭერით.