წარმომადგენელთა პალატამ და აშშ-ის სენატმა დაამტკიცეს 45 დღეზე გათვლილი დროებითი ბიუჯეტის პროექტი, რაც ქვეყანას თავიდან აცილებს მთავრობის მუშაობის შეჩერებას ("შათდაუნს"). აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დოკუმენტს ხელი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე მოაწერა.
ბიუჯეტი რომ არ დამტკიცებულიყო, 1 ოქტომბერს მოხდებოდა აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერება. შედეგად, ათიათასობით ფედერალური თანამშრომელს მოუწევდა შვებულებაში ანაზღაურების გარეშე გასვლა, ხოლო სხვადასხვა სამთავრობო სამსახურები შეაჩერებდნენ მუშაობას.
მანამდე ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა თქვა, რომ მთავრობის ნაწილობრივი დახურვა "ძირს გამოუთხრიდა" ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს.
ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა კევინ მაკარტიმ წარმოადგინა და იგი არ ითვალისწინებდა უკრაინისთვის დახმარებას. ბიუჯეტის ეს ვერსია დაკავშირებულია რესპუბლიკელების კონსერვატიული ფრთის პოზიციასთან. კონგრესის ქვედა პალატას სწორედ რესპუბლიკელები აკონტროლებენ.