ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა

აღლუმში დე ფაქტო რესპუბლიკის ყველა სახეობის საჯარისო ფორმირებები მონაწილეობდნენ.

დღეს, 30 სექტემბერს, აფხაზეთის ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელშიც დე ფაქტო რესპუბლიკის ყველა სახეობის საჯარისო ფორმირებები მონაწილეობდნენ.

როგორც „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი იუწყება სოხუმიდან, აღლუმში მონაწილეობდა ასევე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი. სოხუმის თავისუფლების მოედანზე საზეიმო მარშით ჩაიარეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზის მებრძოლებმაც.


სამხედრო აღლუმს ხელმძღვანელობდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, გენერალი ვლადიმირ ანუა, რომელმაც შემდეგ მთავარ ტრიბუნაზე სეპარატისტების პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გვერდით დაიკავა ადგილი. ტრიბუნაზე საპატიო სტუმრებს შორის იყო ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ახსარ ჯიოევი.

  • აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.
  • სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. ამას წინ უძღოდა ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთი ოსეთი) დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი. მოსკოვმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო „სამხრეთი ოსეთიც".
ასევე ნახეთ სოხუმი - არშემდგარი დიდგორი?!