ერევნის თანახმად, ყარაბაღიდან დევნილთა რიცხვი 100 000-ს უახლოვდება

მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა სომხეთის ქალაქ გორისში, ლტოლვილთა მიმღებ ცენტრში, 2023 წლის 29 სექტემბერი

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მცხოვრებთა რაოდენობამ, რომლებიც იძულებულნი გახდნენ სომხეთში გამგზავრებულიყვნენ, 98,5 ათასს გადააჭარბა. ეს არის მონაცემი, რომელიც სომხეთის მთავრობამ პარასკევ საღამოს გამოაქვეყნა. 29 სექტემბრის დილისთვის ითქვა, რომ ყარაბაღი თითქმის 90 ათასმა ადამიანმა დატოვა. მათგან, როგორც სომხეთის მინისტრთა კაბინეტი იუწყება, 20 ათასზე ცოტა მეტი სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია საცხოვრებლით.

წლის დასაწყისში რეგიონის სომხური მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობად სახელდებოდა 120 ათასი, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის მინიმუმ 3/4-მა დატოვა მთიანი ყარაბაღი. აზერბაიჯანი ლტოლვილთა რაოდენობის შესახებ საკუთარ მონაცემებს არ აქვეყნებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რეგიონში შესაძლოა სომეხი მოსახლეობა არ დარჩეს. მან აზერბაიჯანის ხელისუფლება ეთნიკურ წმენდასა და მოსახლეობის დეპორტაციაში დაადანაშაულა.

ბაქო მიიჩნევს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები ძირს უთხრის ბაქოსა და ერევანს შორის მშვიდობის პერსპექტივებს. აზერბაიჯანის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ყარაბაღიდან მოსახლეობის მასობრივი გასვლა მათი პირადი გადაწყვეტილებაა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, არ დატოვონ ყარაბაღი და დაიწყონ რეინტეგრაცია.

28 სექტემბერს ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ (არცახი) არსებობას შეწყვეტს 2024 წლის 1 იანვრიდან. ამ დოკუმენტით, ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის ამჟამად მის ფარგლებს გარეთ მყოფები, უნდა გაეცნონ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს და დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად გადაწყვიტონ ყარაბაღში დარჩენა-დაბრუნების საკითხი.

ასევე ნახეთ

პრეზიდენტმა ალიევმა აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი


აზერბაიჯანმა 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა კონტროლი ეთნიკური სომხებით დასახლებულ ყარაბაღის ავტონომიურ ოლქსა და ზოგიერთ მიმდებარე რაიონზე. 1991 წლის 2 სექტემბერს ყარაბაღმა გამოაცხადა „დამოუკიდებლობა“, რომელიც არავის უღიარებია, მათ შორის - არც სომხეთს. რეგიონში სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა.
2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღში მორიგი ესკალაციის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ზოგიერთ რაიონზე კონტროლი დაიბრუნა. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი".

  • 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ყარაბაღში დაიწყო „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“, მას შემდეგ, რაც „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომელი და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურე.
  • 20 სექტემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიიღეს ოპერაციის შეჩერების თხოვნა და ისინი დათანხმდნენ ბაქოს პირობებს - ყარაბაღში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას.
  • 20 სექტემბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღდგენილია.