ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიას „ისტორიული“ დღე უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხ რეგიონში ტერიტორიების ანექსიის წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გააკეთა. ვლადიმირ პუტინმა ანექსიას "ისტორიული და საბედისწერო მოვლენა" უწოდა და აღნიშნა, რომ დონბასის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მცხოვრებლებმა "გააკეთეს არჩევანი – იყვნენ თავიანთ სამშობლოსთან".

პუტინის თქმით, ე.წ. რეფერენდუმები ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში, ასევე თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებში“, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ჩატარდა. მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ აღიარა და უკანონო უწოდა უკრაინის რეგიონების რუსეთში შესვლის შესახებ გამართულ რეფერენდუმებს.

28 სექტემბერს პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის აღნიშვნის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. დღესასწაული რუსეთში 30 სექტემბერს აღინიშნება და ის უქმე იქნება.

კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ არასდროს აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ანექსიის შესახებ გადაწყვეტილებას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა 10-პუნქტიანი სამშვიდობო „ფორმულის“ წინადადებით, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსეთის ჯარების გაყვანას და უკრაინის სახელმწიფო საზღვრების აღდგენას.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის 12-მა მილიონმა ადამიანმა იძულებით დატოვა თავისი საცხოვრებელი. გაეროს 2022 წლის დეკემბრის პირველი რიცხვების მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა უკრაინის 6702 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - 424 ბავშვი. ორგანიზაციის თანახმად, მონაცემები შესაძლოა არ იყოს სრულყოფილი.

სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის რუსი სამხედროების წინააღმდეგ უკრაინაში ათობით ათასი საქმის გამოძიებაა დაწყებული. რუსეთი უარყოფს მშვიდობიანი ადამიანების ხოცვასა და წამებაში მონაწილეობას.