იმერეთის რაიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეს თანასკოლელები, თანაკლასელები თვითდაზიანებების მიყენებას აიძულებდნენ, - ამის შესახებ ფეისბუკში ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც თან ერთვოდა მუქარის შემცველი წერილის სურათი. ამავე ფოტოში ჩანს, რომ წერილთან ერთად სკოლის მოსწავლეს ბასრი საგანი გაუგზავნეს იმისთვის, რომ მას თვითდაზიანებები მიეყენებინა.
"ეს ფაქტი სადღაც 1 წლის წინ დაიწყო, სკოლაში რომ გადმოვიდა ჩემი შვილი, მაგრამ მძაფრი რეაქცია არ მქონია - ჩავთვალე, რომ იყო ბავშვური, გოგოების მიმართ გაურკვევლობა და მოგვარდებოდა... 10 დღის წინ ძველი წყენა გაუხსენეს ჩემს შვილს, სახლში რომ მოვედი, პატარა შვილმა მითხრა, რომ "საქმის გასარჩევად" გაიყვანეს...
ჩანთას რომ ალაგებდა, სკოლაში როცა უნდა წასულიყო, უნახავს ფურცელი იმ ტექსტით, რაც ყველამ იცით. მასწავლებლების შეცოდების გამო ბავშვმა საღამომდე დამიმალა ეს ფაქტი... საღამოს სამზარეულოში გაფითრებული მეუბნება ცრემლიანი თვალებით - „დედა, ან სკოლიდან გადამიყვანე, ან მიშველე რამე“ და მაწვდის ფურცელს", - უთხრა ბავშვის დედამ ჟურნალისტებს და ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია მიაწოდა სკოლის ადმინისტრაციასაც.
ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, შემზარავია ის ფაქტი, რომ მშობელს დასჭირდა გაესაჯაროებინა წერილი იმის გამო, რომ "როგორც ჩანს, დიდი ხანია გრძელდება დევნა, შევიწროება და ამაზე სკოლა არ რეაგირებს". განათლების სამინისტროს პრესსამსახურმა განცხადება საკითხის შესწავლის დაწყების შესახებ მასალის გამოქვეყნების შემდეგ გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე (მუქარის) მუხლით.
ცირამუა ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:
"მესმის, შემზარავია, რასაც წერს, გვაბრაზებს და გვაშინებს მისი სისასტიკე, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ეს ბავშვი, ასეთი რამ რომ მოაფიქრდა (სავარაუდოდ, თავადაც გამოუცდია ის, რასაც თანაკლასელს სთავაზობს - თვითდაზიანებას ვგულისხმობ), მერე წერილი დაწერა და კიდევ უფრო მძიმე მუქარა მოაყოლა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაირკვეს - რატომაა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში და მერე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ გადარჩეს. ცხადია, სერიოზული დახმარება სჭირდება მისი აგრესიის სამიზნეს, იმ ბავშვს, რომელიც ალბათ დიდი ხანია მარტოა ამ პრობლემის პირისპირ".
ასევე ნახეთ განათლების სამინისტრომ იმერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეზე ბულინგის საქმის შესწავლა დაიწყო