საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს სერბეთის მოქალაქე სლობოდან ჯანოვიჩი. ის სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული, რომელიც ეხება, საქართველოში ე.წ. რევოლუციური სცენარის განვითარება.
„არ შემიძლია რაიმეს თქმა ამ საქმესთან დაკავშირებით, რადგან სამართლებრივად ვალდებული ვარ რომ ამაზე არ ვილაპარაკო", - თქვა სლობოდან ჯანოვიჩმა გამოკითხვის შემდეგ. მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა თქვა, რომ გამოძიების ფარგლებში გაფრთხილებულია საქმის დეტალების გაუთქმელობაზე, შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.
ადვოკატმა მხოლოდ ზოგადად განაცხადა: „ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, ეს არის ჩემი შეფასება, რომ ეს არის აბსურდული საქმე, რიგ შემთხვევებში ძალიან სასაცილო კითხვები დაისვა და რომ მქონდეს ამის თქმის საშუალება, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას ძალიან ცხადად დაინახავდა".
სერბეთის მოქალაქეების გამოკითხვა გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, გამოკითხვაზე ჯგუფ „კანვასის" სამი წევრი იყო დაბარებული.
სუსმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება სამოქალაქო არეულობის მოწყობა და დესტაბილიზაცია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“, "რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.
სერბული ახალგაზრდული მოძრაობა "ოტპორი" (Отпор!) 1998-2004 წლებში არსებობდა. ამ ორგანიზაციის გამოცდილებას და სიმბოლიკას იყენებს საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული მოძრაობა "კმარა", რომელსაც თავისი როლი ჰქონდა 2003 წლის ნოემბრის "ვარდების რევოლუციაში."
„არეულობის გეგმის ავტორებად" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა 18 სექტემბერს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები - მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მათ "იდიოტობა" და "სრული ბოდვა" უწოდეს სუსის განცხადებას.
ასევე ნახეთ ყურადღების გადატანა? - სუსი შემოდგომის „შეთქმულებასა“ და „მაიდნის სცენარზე“ იწყებს საუბარსპრორუსულმა პარტია „კონსერვატიული მოძრაობამ“ „მაიდანის სცენარზე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „ანტიმაიდანი“ დააანონსა, ხალხის ინფორმირების მიზნით რეგიონებში შეხვედრები დაგეგმა და ფულადი სახსრების შეგროვება დაიწყო.
ასევე ნახეთ „მაიდანის სცენარზე“ სუსის განცხადების შემდეგ „ალტ-ინფო“ „ანტიმაიდანს“ აანონსებს