ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე

ყარაბაღელი ლტოლვილები სომხეთში

მთიანი ყარაბაღიდან გრძელდება ეთნიკური სომხების გადინება მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სწრაფი სამხედრო ოპერაციით კონტროლი დაამყარა თავის სეპარატისტულ რეგიონზე. 10 დღეა, ყარაბაღიდან სომხეთში კვლავ ათასობით ადამიანი გადადის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ 29 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 10 საათისთვის, სომხეთში ყარაბაღიდან შესული იყო 88 780 ადამიანი - ეს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის (120 000 ადამიანი) დაახლოებით ორი მესამედია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს ეთნიკურ წმენდაში სდებს ბრალს და გამოდის გაფრთხილებით, რომ რამდენიმე დღეში მთიანი ყარაბაღის რეგიონში საერთოდ აღარ დარჩება სომეხი მოსახლეობა.

"ეს არის ეთნიკური წმენდის პირდაპირი აქტი, რის შესახებაც ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას ვაფრთხილებდით", - თქვა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე 28 სექტემბერს და საერთაშორისო თანამეგობრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

ბაქო უარყოფს ეთნიკური წმენდის ბრალდებას და აცხადებს, რომ ანკლავის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის "რეინტეგრაცია" სურს აზერბაიჯანში.