ბრიტანელებს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ცნობილი „რობინ ჰუდის ხე“ მოუჭრეს

ნორტამბერლენდის ეროვნულ პარკში ასწლოვანი ხე 28 სექტემბერს მოჭრეს. პოლიციამ 16 წლის ეჭვმიტანილი დააკავა

დიდი ბრიტანეთის ნორტამბერლენდის საგრაფოს პოლიცია იძიებს გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხის მოჭრის ფაქტს. „რობინ ჰუდის ხედ“ წოდებული ასწლოვანი თეთრი ნეკერჩხალი, რომელსაც ბრიტანელები სიკომორს ეძახიან, 28 სექტემბერს მოჭრეს, სავარაუდოდ, ელექტროხერხით.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 16 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს. ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელმა კევინ უორინგმა განაცხადა, რომ ხე მსოფლიოში ცნობილი ღირსშესანიშნაობა იყო და მისი დაკარგვა უამრავი ადამიანის წუხილს და რისხვას იწვევს. პოლიციამ საზოგადოებას მოუწოდა, აცნობოს ყველა საეჭვო დეტალი, რომლებიც გამოძიებას დაეხმარება.

ინგლისის ჩრდილოეთში, ნორტამბერლენდის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდგარი ხე განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1991 წლიდან, როცა ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „რობინ ჰუდი“, რომელშიც მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი კევინ კოსტნერი ასრულებდა.

ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, სრული საფუძველი აქვს იმის სათქმელად, რომ ხე განზრახ მოჭრეს.

როგორც BBC წერს, ასწლოვანი ხე მხოლოდ საყვარელი ღირსშესანიშნაობა არ ყოფილა და მას ბევრი ადამიანი სიმბოლურ ადგილად მიიჩნევდა. ხესთან ტოვებდნენ სამახსოვრო ქვებს წარწერებით, აფრქვევდნენ გარდაცვლილი ახლობლების ფერფლს და აწყობდნენ ოჯახურ პიკნიკებს და ნიშნობის ცერემონიას.

როგორც ნორტამბერლენდის მერმა ჯეიმს დრისკოლმა განაცხადა, ეს ხე მათი კოლექტიური სულის ნაწილი იყო.