სომხეთის მონაცემებით, 65 000-ს გადააჭარბა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა. სომხეთის მთავრობის საიტზე დღეს გამოქვეყნებული, განახლებული ინფორმაციით, 28 სექტემბრის დილის 8 საათის მდგომარეობით, ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა 65 036 ადამიანი.
ეთნიკურმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ყარაბაღში 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი. მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა, ბევრმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო, ყარაბაღი უნდა დატოვოს და სომხეთში გაემგზავროს.
სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღის მოსახლეობა 120 000 იყო.