ერთმორწმუნეობა და ეგზისტენციალური კრიზისი

ავტორი: ამირან კაპანაძე

ბიზანტიის პოლიტიკური რუკიდან გაქრობის შემდეგ საქართველოსთვის მართმადიდებლური მრწამსის შენარჩუნება თითქმის პირდაპირპროპორციულად უდრიდა მოწამეობრივი ქრისტიანობის პრაქტიკას. მსხვილი მუსულმანური კოალიციების გარემოცვაში ქვეყანა იძულებული იყო ფორმალური მორჩილება აღეთქვა იმპერიებისთვის, რათა მომხდარიყო სისხლისმღვრელი შემოჭრების პრევენცია.

დღევანდელ დღეს, ალბათ მაშინ როცა კოალიციაზე მხოლოდ „ნატო“ ახსენდება ხალხს პერსპექტივად, ძნელად თუ წარმოუდგენია ვინმეს როგორი იყო კოალიციაში სპარსეთთან და ოტომანთა იმპერიასთან თანამშრომლობა. ქართული დანაყოფების ურდოებთან ინტეგრაცია ჯერ კიდევ მონღოლთა მძლავრობის დროს დაიწყო და ერეკლე II-ის ჩათვლით ქართველი მონარქებისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაცია უფრო მაღალ პრიორიტეტს ატარებდა ვიდრე შიდა ეროვნული კონსოლიდაცია.

ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ვინმეს დიდი ხნით კომფორტული გარემო შეექმნებოდა მაშინ როცა მუდმივად იყო იმის მოლოდინი რომ რომელიმე ფეოდალი დაწინაურების მიზნით იმაზე მეტად მოიდრეკდა ქედს დამპყრობლის წინაში ვიდრე ამას იმ წუთას მონარქი აკეთებდა. ძალაუფლების შენარჩუნების ყველაზე მყარი გზა პოლიტიკურ მძევლებზე გადიოდა, რაც მოგვიანებით შეწირულ სიცოცხლეებსა და მოწამეობრივ აღსასრულებში ითარგმნებოდა. ამ მხრივ ერთერთი თითქოს პარადოქსული მაგრამ სიტუაციის ზედმიწევნით კარგად ამსახველი პრეცენდენტი იყო ვახტანგ VI-ს მეფობა, მაშინ როდესაც მისი ბიძა ავღანელებისგან იცავდა ირანს და მეფის ლეგიტიმაციის ყველაზე მყარი გარანტია იყო, რადგან სხვა იმავე წონის სარგებელს ქართველი ფეოდალთაგან ვერ მიიტანდა შაჰის კარზე.

კიდევ ერთხელ რომ გავაანალიზოთ სიტუაცია, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ რომ საერთაშორისო ლეგიტიმაცია ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უფრო სწორედ იმისთვისაა მნიშვნელოვანი ვისაც ხელისუფლების განხორციელება სურს იმ ტერიტორიაზე რასაც საქართველო ჰქვია. ამისათვის არსებობს უკვე კარგად ნაცადი გზები, როგორებიცაა: ერთგულების გარანტიები, სტაბილურად ხარკის და ცოცხალი ძალის მიწოდება, იდეოლოგიური საფუძვლები და ბოლოს, რელიგიური კონფესიის აღიარება-გავრცელება.

ქართული ქრისტიანობა მეოთხე საუკუნიდან იწყება და სრულიად ემთხვევა რეგიონში ბიზანტიის იმპერიის გამოჩენას, რომელიც ორთოდოქსალური ქრისტიანული სამყაროს გრავიტაციის ცენტრი იყო და აღმოსავლეთის ის ბასტიონი, რომელიც ევროპას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა აღმოსავლეთიდან. სომხეთი და საქართველო ამ იმპერიის სატელიტები იყვნენ, რომლებსაც ფორმალურად ჰქონდათ მინიჭებული დამოუკიდებლობა, როგორც საერო ისე საეკლესიო ცხოვრებაში, თუმცა „კურთხევას“ საბოლოო ჯამში მაინც ბიზანტია იძლეოდა. რა თქმა უნდა ადგილობრივი ფაბულა უფრო გამდიდრებული იყო მესიანისტური და ჯადოქრული ნარატივებით, რომელიც ორივე ქვეყანაში თითქმის იდენტურია, როგორებიცაა ღვთისმშობლის წილხვედრობა და სამყაროში ღმერთის რჩეულობის მტკიცება აქ მოპოვებული წმინდა ნაწილების თავმოყრით და სხვა ნეკროფილური მიდრეკილებებით. ის, რომ ორივე ქვეყანას ჰქონდა იშვიათი თვითმყოფადობის გამონათებები მკვეთრად ქრისტიანული ნარატივს დომინირების ფონზე ეს ბიზანტიის იდეოლოგიურ უპირატესობაზე მიუთითებდა კავკასიის რეგიონში.

სწორედ ამ სამყაროს რღვევის ფონზე, როდესაც ქართული კოლექტიური მეხსიერება სრულად არის აგებული ქართულ მართლმადიდებლურ ფაბულაზე, დგება ის მომენტი როდესაც ჩვენ ამავე მრწამსის მოკავშირე გვჭირდება. კათოლიკური სამყარო ამ დროს ქრისტიანობის ერთადერთ ცენტრალურ ავტორიტეტად ცდილობს თავი წარმოაჩინოს და მასთან სამოკავშირეოდ მისულებს „მოქცევას“ სთხოვს, მაშინ როდესაც თავად არის უკვე ვალში მუსულმანურ სამყაროსთან და ამავდროულად ამ ორს შორის წნეხის ქვეშ საბოლოოდ ან ერთის ან მეორეს მხარეს უნდა გაიკრიფოს ორთოდოქსალური ქრისტიანობა.

ამ მოვლენების ფონზე შესაძლოა ნებისმიერმა იფიქროს, რომ რუსეთის იმპერიის ჰორიზონტზე გამოჩენა ერთგვარი ხსნა იყო ამ აღმოსავლეთ ევროპის ხალხებისთვის და კავკასიის მაცხოვრებლებისთვის, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი რუსეთის რეალური გეოპოლიტიკური მდგომარეობა გახლდათ. კერძოდ, რუსეთის იმპერია ის თვალუწვდენელი ჩრდილოეთია, რომლის გადალახვა არც ევროპელებს უნდათ აზიაში ჩასასვლელად და არც აზიელ მომთაბარეებს ეხარბება დარბევებით ევროპამდე ჩასასვლელად. მარტივად რომ ვთქვათ გზააბნეული ველური ტომებისთვისაც არამიმზიდველი სამყაროა ვრცელი ტერიტორიით, უამრავი სიმდიდრით მაგრამ საცხოვრებლად სრულად არაადამიანური ეკო-სისტემით. რუსული ფედერალიზმი ამ ტომების მუდმივად მომთაბარეობას ეფუძნება, ანუ იმას რომ კონკრეტულ ტერიტორიას არასდროს ეყოლება პატრონი და მემკვიდრე, მაგრამ ეყოლება ბელადი რომელიც თავის ერთგულებს მისცემს ყველა დანარჩენის ძარცვის უფლებას.

ერეკლე II როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი, რეალური მოკავშირის ძებნის პროცესშია, ისიც როგორც მისი წინაპრები იძულებით კოალიციაში იბრძვის შაჰის კარზე და თავისივე დამსახურებების გამო ანდობენ სამშობლოს მართვა-გამგეობას. თუმცა „ერთმორწმუნე“ მოკავშირე მაინც მოსაძებნია, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს მის ხალხს და ცოტაოდენ დროს მოაგებინებს ფეხზე დადგომისთვის.

შესაძლოა ერეკლეს რწმენაში რუსეთი ძლიერი მოკავშირე იყო, რომელიც მფარველობას გაუწევდა ერთმორწმუნე ქართველებს, ისევე როგორც ამას ბიზანტიის იმპერია აკეთებდა თავის დროზე და ქართველებსაც ახალი დასაყრდენი გაგვიჩნდებოდა რეგიონში. მაგრამ, რუსეთის მმართველ ელიტას სრულებით არ ანაღვლებდა ადგილობრივი ხალხები, ისინი მხოლოდ საკუთარ ტერიტორიას ხედავდნენ ან სხვისას და ამ მიზნის მისაღწევად თავს თუ გააბრიყვებინებდი, პირმოთნე ღიმილს და შექებას ალბათ არ დაიკავებდნენ დიდად.

რუსებთან კოალიცია არც ერეკლეს დროს და არც დღევანდელ დღეს არანაირი თანამშრომლობის და უსაფრთხოების გარანტია არ არის, ფაქტიურად „დსთ“-ს ორ წევრ ქვეყანას თავად დაესხა თავს და სხვებთან მომრიგებლის ეგიდით თავად შეუწყო ხელი ტერიტორიული კონფლიქტების გაღვივებას. რაც შეეხება რწმენას: რუსებს უბრალოდ სწამთ რომ აქ ეგზოტიკური და მხიარული აბორიგენები უნდა დახვდნენ, რომლებიც ადგილობრივი სამზარეულოთი და სხვა ეგზოტიკური გასართობებით შეაქცევინებენ თავს. მაშინ როდესაც თავად იმპერიალისტური მოწყალე თვალებით გადმოგვხედავენ და შეგვახსენებენ როგორ ვეხვეწებოდით თავშესაფარს თვითგადარჩენისთვის და მათაც როგორ დაგვიხსნეს ველური და უპერსპერქტივო ქართული სახელმწიფოსგან.