თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან დღეს, 27 სექტემბერს, აქცია გაიმართა რექტორის არჩევნების გაუქმების გასაპროტესტებლად. აქციაზე მივიდნენ მუსიკოსები, სამოქალაქო სექტორის, კინოს და თეატრის წარმომადგენლები.
აქცია პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა დააანონსა მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცედურა შეწყვიტა. მინისტრის ეს ბრძანება არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოიცა. კონსერვატორიას, რომელიც რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს, არჩევნები 10 ოქტომბერს ჰქონდა დანიშნული. რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტის გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან კონსერვატორიის სტუდენტებისა და ლექტორებისთვის აკადემიური თავისუფლების შეზღუდვად აღიქმება.
"10-ში უნდა ყოფილიყო არჩევნები და გაურკვეველი ვადით გადაიწია. გუშინ იყო გადაწყვეტილება მიღებული. იმიტომაც მოვედი, რომ გავარკვიოთ, რაშია საქმე. სრული შოკია ყველასთვის, მაგრამ ჩვენ მაინც არ დავთმობთ. ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, ვის დავნიშნავთ და ვის - არა. კი ბატონო, არავის წინააღმდეგი არ ვართ. ვინც მოვა, რამდენიმე კანდიდატიც რომ იყოს, საუკეთესოს ავირჩევთ", - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კონსერვატორიის პროფესორმა თემურ ელიავამ. მან და მისმა კოლეგებმა არ იციან, ჰყავს თუ არა სამინისტროს შერჩეული კანდიდატი რექტორის პოზიციაზე, თუმცა მიიჩნევენ, რომ სამინისტროს მხრიდან არჩევნებში ჩარევა ინსტიტუციის მომავალზე კარგად არ აისახება.
"ზოგადად, უსიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც იზღუდები ადამიანი და ამ თავისუფლებას კარგავ. თავისუფლებას, რომელიც გჭირდება შენი საქმის შესასრულებლად. ჩვენ ვართ ხელოვანი ადამიანები და ხელოვან ადამიანს რა სჭირდება, თუ არა თავისუფლება?!" - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ელისაბედ ჩხეიძემ. ის კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტია და აქციაზე მეგობრებთან ერთად იყო მისული.
"იკვეთება სურვილი, რომ კონსერვატორია, მსგავსად არაერთი [კულტურული] ინსტიტუციისა, იქცეს იმ პოლიტიკის მხარდამჭერად, რომელსაც გულისხმობს მინისტრი. ეს თავშივე ეწინააღმდეგება საუნივერსიტეტო სამყაროს დამოუკიდებლობას, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ამა თუ იმ ინსტიტუციისათვის. ეს არის ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი, თუმცა კი მინდა, რომ უფრო მეტი ხალხი იდგეს აქ", - ეს ეთნომუსიკოლოგი დავით შუღლიაშვილია. ის მიიჩნევს, რომ კონსერვატორია მოქმედი რექტორის, ნანა შუღლაძის მკვეთრად გამოხატული სამოქალაქო პოზიციების გამო ისჯება. ნანა შუღლაძე, რომელიც კონსერვატორიის რექტორად 2019 წელს აირჩიეს, ღიად გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას არა მხოლოდ სხვადასხვა კულტურულ ინსტიტუციაში მიმდინარე პროცესებზე, არამედ "რუსულ კანონად" მიჩნეულ "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონზეც.
ასევე ნახეთ გაფიქრებაც კი მზარავს, რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა - კონსერვატორიის რექტორი
კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცესის შეწყვეტის ფონია კულტურის მინისტრის გამოსვლა პარლამენტში 20 სექტემბერს. თეა წულუკიანმა ამ დღეს საჯაროდ ილაპარაკა კონსერვატორიის ხელმძღვანელის შეცვლის საჭიროებაზე.
„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო, განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი. ეს ჩემი ხარვეზიც არის, როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას და ეგონოს, რომ „მინისტრს არასდროს არაფერი არ ეკითხება (ვციტირებ)", - თქვა წულუკიანმა.
ნანა შარიქაძემ კულტურის მინისტრს 21 სექტემბერს ფეისბუკის პირად გვერდზე უპასუხა: