„ჩემი მეუღლე, რუბენ ვარდანიანი ... აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს, როდესაც აზერბაიჯანის ოკუპაციას გამოქცეულ ათასობით სომეხ თანამემამულესთან ერთად ცდილობდა არცახის (ასე უწოდებენ სომხები ყარაბაღს) დატოვებას“, - წერს ვერონიკა ზონაბედი განცხადებაში, რომელიც რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს მიაწოდა ვარდანიანის სპიკერმა.
რადიო თავისუფლების სომხური ბიუროს წყარომ სტეფანაკერტის (ხანკენდი) მმართველი წრიდან, რომელმაც სახელის საჯაროდ გამხელა არ ისურვა, თქვა, რომ ვარდანიანი დააკავეს ჰაკარის ხიდზე და აზერბაიჯანში გადაიყვანეს.
აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციამ ფოტოთი დაადასტურა მისი დაკავება და დაწერა, რომ „მას უკანონოდ ჰქონდა [აზერბაიჯანის] სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი და მუშაობდა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრად“.
„დაკავებული პირი გადაეცა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად“, - აცხადებს აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყება.
ვინ არის რუბენ ვარდანიანი
რუბენ ვარდანიანმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის მოქალაქეობა დათმო და საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში გადავიდა. ძალიან მალე მან დე ფაქტო მთავრობის მეთაურის პოსტი დაიკავა.
ბაქოში მას მოსკოვის გამოგზავნილად მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ „ხელს უშლიდა სამშვიდობო პროცესს“.
მას ასევე აკრიტიკებდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომლის გუნდიც მას სომხეთის პოლიტიკაში კონკურენტად აღიქვამს.
2023 წლის თებერვალში ვარდანიანმა თანამდებობა დატოვა.
ვარდანიანი, ერევნელი პოლიტიკური ელიტისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდამდე თავს იკავებდა მოსკოვისა და სამშვიდობოების ეგიდით რეგიონში განთავსებული რუსი ჯარისკაცების კონტინგენტის კრიტიკისგან.
წინა კვირას მან ქსენია სობჩაკთან ინტერვიუში თქვა: „რუსეთს, რა თქმა უნდა, შეეძლო დახმარება. ხალხი, ზოგადად, ძალიან გაბრაზებულია, რომ რუსმა სამშვიდობოებმა ვერ მოახერხეს კონფლიქტის შეჩერება. ძალიან უარყოფითი განწყობებია საზოგადოებაში მსოფლიოს, მათ შორის რუსეთის მიმართ“.
ასევე ნახეთ „მოსკოვის კაცი“ ყარაბაღში?ბაქოს ჯერ პოლიტიკური კომენტარი არ გაუკეთებია რუბენ ვარდანიანის დაკავებაზე და უცნობია, რა ბრალდებით დააკავეს.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა მთიან ყარაბაღზე, რასაც ანტიტერორისტული ოპერაცია დაარქვა.
ერთდღიანი შეტევის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელევიზიო მიმართვაში აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება, უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო, ადგილობრივები ყარაბაღს მაინც ტოვებენ.
26 სექტემბრის მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღიდან 13 500 ადამიანი გაიხიზნა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი 40 ათასი ოჯახის დასაბინავებლადაა მზად.