ყარაბაღში საწვავის აფეთქებას მინიმუმ 125 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია

25 სექტემბერს სტეფანაკერტის (აზერბაიჯანულად ხანკენდი) მახლობლად მძლავრი აფეთქება მოხდა საწვავის საცავში. 25 სექტემბერი, 2023.

25 სექტემბერს მთიან ყარაბაღში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 125 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა სამშაბათს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.

კიდევ 67 დაშავებული ერევნის დამწვრობის ეროვნულ ცენტრში იმყოფება, მათი უმეტესობის მდგომარეობა მძიმე ან უკიდურესად მძიმეა.

ასევე ნახეთ სომხეთმა უარყო, რომ ყარაბაღში აფეთქების შედეგად 125 ადამიანის სიკვდილია დადასტურებული

წინა ღამით ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ სტეფანაკერტის (აზერბაიჯანული სახელწოდება ხანკენდი) მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც, სავარაუდოდ, ბენზინს ურიგებდნენ ლტოლვილებს, რომლებიც სომხეთში გამგზავრებას ცდილობდნენ. წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა ბენზინის გადამზიდი, რომელშიც საწვავი იყო. რამ გამოიწვია აფეთქება, ჯერჯერობით უცნობია.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც ათიათასობით ეთნიკური სომეხი ცხოვრობს. 20 სექტემბერს არაღიარებული რეგიონის ხელმძღვანელობამ კაპიტულაცია მოახდინა ბაქოს პირობებით. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოაცხადა მზადყოფნა, მოლაპარაკებები აწარმოოს ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციის საკითხზე.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებმა გამართეს ორი შეხვედრა, რომლებზეც, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს იმ მცხოვრებთა უფლებების დაცვის საკითხები, რომლებმაც ყარაბაღში დარჩენა გადაწყვიტეს. კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გამოცხადებულა.

ბოლო მონაცემებით, თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში უკვე გადავიდა 19 ათასი მცხოვრები, რომლებსაც არ სურთ ბაქოს იურისდიქციის ქვეშ ყოფნა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, მიიღოს ყარაბაღის 40 ათასი მოსახლე. ამავე დროს, მან აზერბაიჯანის ხელისუფლება „ეთნიკურ წმენდაში“ დაადანაშაულა.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკური სომხები არიან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა ტერიტორიის დიდ ნაწილს, სადაც პერიოდულად იფეთქებდა ხოლმე შეიარაღებული კონფლიქტები. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არც ერთმა ქვეყანამ, მათ შორის არც სომხეთმა არ აღიარა.