დროებითი საზღვაო დერეფნით უკრაინის პორტებიდან დღემდე შვიდმა გემმა გაიტანა მარცვლეული

უკრაინული მარცვლეულის დატვირთვა გემებზე. იზმირი, 26 აპრილი, 2023.

მას შემდეგ, რაც ამოქმედდა დროებითი საზღვაო დერეფანი, უკრაინის პორტებიდან გავიდა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული შვიდი ხომალდი, განაცხადა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა.

„განახლებული მონაცემებით, ახალი დერეფნით გავიდა შვიდი ხომალდი. ხუთი მათგანი აქ იმყოფებოდა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე. პროცესი გრძელდება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ტერიტორიული წყლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - თქვა მან.

პლეტენჩუკის თქმით, შავ ზღვაში უკრაინული გემებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები „შაჰედები“, რაკეტები და ავიაცია.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმ მონაკვეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სადაც ეს გემები ჩვენს ტერიტორიულ წყლებში იმყოფებიან. შემდეგ ისინი უკვე ხვდებიან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ წყლებში, უშუალოდ ბოსფორის სრუტემდე. ეს უკვე ნატოს ქვეყნების ტერიტორიული ზღვაა და, შესაბამისად, დარტყმა ამ ტერიტორიაზე არის დარტყმა ამ ქვეყნებზე“, - განაცხადა პლეტენჩუკმა.

უკრაინის მთავარი საექსპორტო პროდუქტის ახალი დერეფანი 21 სექტემბერს ამოქმედდა. ის არც მოცულობით და არც უსაფრთხოებით არ შეედრება წინა დერეფანს. ექსპერტების აზრით, რუსეთი შესაძლოა შეეცადოს, შეაფერხოს მიწოდების ეს არხი, რადგან მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ იგი მიზანმიმართულად ანადგურებს პორტის ინფრასტრუქტურას და მარცვლეულის მარაგს უკრაინაში, რომელიც მისი მთავარი კონკურენტია მარცვლეულის გლობალურ ბაზარზე.

ივლისიდან უკრაინას შეწყვეტილი ჰქონდა მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ექსპორტი საზღვაო გზით, თურქეთის სრუტეების გავლით, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა საზღვაო დერეფნის დახურვის შესახებ. რუსეთის არმია დაემუქრა ყველა გემს, რომლებიც უკრაინაში მიემგზავრებოდა, რომ მათ სამხედრო სამიზნეებად მიიჩნევს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეეცადა, დაეყოლიებინა პუტინი, რომ უარი ეთქვა ბლოკადაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ამის შემდეგ უკრაინამ პირდაპირ თურქეთთან მიაღწია შეთანხმებას კრემლის გარეშე.