არ მუშაობს, არ სწავლობს, ცხოვრობს მშობლებთან, იმედით უყურებს მომავალს - როგორია ქართველი ახალგაზრდა

ქართველი ახალგაზრდების ნახევარზე მეტი (58%) არ მუშაობს, 65% ამბობს, რომ არ აქვს საკმარისი ფული საკვების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისთვის.

31% არ იღებს განათლებას, 89%-ს არასოდეს მიუღია მონაწილეობა დემონსტრაციაში, 71% წმინდად და სანდოდ მიიჩნევს რელიგიურ ორგანიზაციებს, 74% არ ენდობა მედიას და 77% ფიქრობს, რომ მათი ოჯახების ცხოვრების დონე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდება. ასეთ სურათს ხატავს საქართველოში მცხოვრები 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდების შესახებ კვლევა, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდმა ჩაატარა.

კვლევის მიზანი ახალგაზრდების აღქმების, მოსაზრებებისა და ცვალებადი გარემოს მიმართ მათი დამოკიდებულების შესწავლაა. ამ ტიპის კვლევა საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა - ახალგაზრდობის პირველი კვლევა 2016 წელს გამოქვეყნდა. გასული შვიდი წლის განმავლობაში შეცვლილია ქართველი ახალგაზრდების დამოკიდებულება ეკლესიისა და პოლიციის მიმართ - მათ დღეს უფრო ნაკლები ახალგაზრდა ენდობა, ვიდრე 2016 წელს. შეიცვალა ისიც, რომ ქართველი ახალგაზრდები ემიგრაციის შემთხვევაში სასურველ ქვეყნად აღარ განიხილავს რუსეთს, სადაც 2016 წელს 10% ფიქრობდა წასვლას.

კვლევა, რომლის სახელიცაა „დამოუკიდებელი საქართველოს თაობა იმედებსა და გაურკვევლობებს შორის”, აჩვენებს, რომ ახალგაზრდების შეხედულებები ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი და პარადოქსულია. მაგალითად:

  • უმეტესობა (72%) ამბობს, რომ კმაყოფილია საქართველოში მიღებული განათლებით და თვლის, რომ ქართული განათლების სისტემა მათ შრომის ბაზრისთვის სათანადოდ ამზადებს, თუმცა 29 წლამდე ახალგაზრდების ნახევარზე მეტი უმუშევარია.
  • ახალგაზრდების თითქმის ნახევარი (44%) მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, თუმცა 63% ამბობს, რომ მათი ინტერესები მწირად ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი ეროვნულ პოლიტიკაში. მეტიც, 80% ამბობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში სავარაუდოდ არ ჩაერთვება.
  • 62% თვლის, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, თუმცა ტოლერანტობას და სოლიდარობას მხოლოდ მათი 3 და 2 პროცენტი მიიჩნევს მნიშვნელოვან ღირებულებად.
  • ახალგაზრდების უმრავლესობა დემოკრატიის მომხრეა, თუმცა თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლება არ გულისხმობს, რომ ყველა რელიგიის გაკრიტიკება შეიძლება.
  • იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდები მთავარ პრობლემებად სიღარიბეს, უმუშევრობასა და მზარდ ფასებს ასახელებენ, მათთთვის უფრო მნიშვნელოვანია კარგად გამოიყურებოდეს, ვიდრე პოლიტიკაში იყოს აქტიურად ჩართული ან ცდილობდეს გამდიდრებას. ახალგაზრდების 41% ამბობს, რომ პოლიტიკაში მათი ჩართულობა საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. 80% კი თვლის, რომ მნიშვნელოვანია კარგად გამოიყურებოდე, სპორტით იყო დაკავებული და ჯანსაღად იკვებებოდე.

კვლევა არ სცემს პასუხს კითხვაზე, რამდენად არის განპირობებული ახალგაზრდების განწყობები მათი მშობლების და უფროსების გავლენით, თუმცა ცალსახად ამბობს, რომ საქართველოში გამოწვევაა ახალგაზრდების დამოუკიდებლობა. 29 წლამდე ახალგაზრდების მხოლოდ 3% ცხოვრობს მარტო. 64% დედასთან ცხოვრობს, 55% მამასთან. ახალგაზრდების მეოთხედს (24%) ჰყავს საკუთარი ოჯახი და ცხოვრობს მეუღლესთან ან პარტნიორთან ერთად.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა ის, რომ ქართველ ახალგაზრდებს ყველაზე დაბალი მიმღებლობა აქვთ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების, ქვიარ თემის წევრებისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ახალგაზრდების ნახევარზე მეტი მათ შესახებ ამბობს, რომ არათუ არ ისურვებდა თანამშრომლად, კლასელად ან ოჯახის წევრად, არ მისცემდა ქვეყანაში შემოსვლის უფლებასაც კი.

მეორე მხრივ, ქვიარ ადამიანებზე დასმული კითხვების პასუხიდან ჩანს, რომ 76% არც ერთ შემთხვევაში არ მიიჩნევს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებზე ძალადობას და ფიზიკურ აგრესიას გამართლებულად, 69% კი მიიჩნევს, რომ არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არის გამართლებული.

ქვიარ თემთან დაკავშირებით პრობლემად რჩება ინფორმაციის დეფიციტი და დეზინფორმაციის გავლენა. კვლევის მონაწილეთა 32% თვლის, რომ ქვიარ ადამიანებს მათი სექსუალური ორიენტაციის გამო მკურნალობა სჭირდებათ, 74% კი ამბობს, რომ მათ არასოდეს არ უნდა მიეცეთ ქუჩებში აღლუმების მოწყობის შესაძლებლობა.

კვლევისთვის რაოდენობრივი მონაცემები მოგროვდა 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1206 რესპონდენტი გამოკითხა. რესპონდენტები შეირჩა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის საფუძველზე. რესპონდენტები შეირჩა ასაკობრივი და გენდერული კვოტის გათვალისწინებით. ინტერვიუების საშუალო ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენდა, სტანდარტული გადახრა კი 14,38 წუთი იყო.

მთავარი პრობლემა, რასაც კვლევა აჩვენებს, ისაა, რომ 6 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ ახალგაზრდების რიცხვი, ვისი აზრით, ემიგრაციაში წასვლა საუკეთესო გამოსავალია.

2016 წელს ახალგაზრდების 21% გამოთქვამდა ემიგრაციაში წასვლის ძლიერ სურვილს, 19 პროცენტს კი არც ისე მტკიცე განზრახვები ჰქონდა. 2022 წელს ახალგაზრდების ნახევარზე მეტი (55%) ამბობს, რომ მტკიცედ აქვს განზრახული სასწავლებლად ან სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა, ხოლო 18% შესაძლოა გაემგზავროს ამავე მიზნებით.

„ვფიქრობ, საქართველოში არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. ცნობიერების დაბალ დონესთან ერთად, განათლების დონეც დაბალია, რადგან ადამიანებს დაბადებიდანვე ჩაესმით, რომ ამ ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რომ არაფერს არ აქვს აზრი, რომ რაც არ უნდა ისწავლო ან გააკეთო, საქართველოში მაინც ვერ განვითარდები. ამიტომაა, რომ 15 წლიდან ახალგაზრდები უკვე აქედან გაქცევას ცდილობენ, აბსოლუტურად ყველას გაქცევა უნდა... ბევრ ჭკვიან, განათლებულ ადამიანს ვიცნობ, ვინც ამ ქვეყანაში ვერაფერი გააკეთა და წავიდა, ბევრია ასეთი მაგალითი…” - ეს კვლევის მონაწილე 17 წლის ბიჭის მოსაზრებაა.

2016 წელს ახალგაზრდების 95% მიიჩნევდა, რომ მომდევნო წლებში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, 75% კი მიიჩნევდა, რომ ზოგადად საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობაც გაიზრდებოდა. იმის მიუხედავად, რომ მომავლის იმედი ახალგაზრდებს გარკვეულწლილად დღესაც აქვთ, პოზიციური ცვლილებების უფრო ნაკლებს სჯერა. ბოლო კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 77% ფიქრობს, რომ 5 წლის შემდეგ მათი ოჯახების ცხოვრების სტანდარტი შეიძლება გაუმჯობესდეს, ხოლო მთელ საქართველოში მსგავს გაუმჯობესებას ახალგაზრდების მხოლოდ 59% ელის.