ზურაბიშვილი რიგაში შეხვდა ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩსს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი

ესტონეთში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიას ეწვია და პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსს შეხვდა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლატვიის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩსთან ჩვენი ევროპული გზისათვის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობას ვუხდი ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვისა და მხარდაჭერისათვის.

თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე", - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

განახლება

ლატვიის პრეზიდენტმა ზურაბიშვილთან შეხვედრაზე რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად, რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ ქართველების უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შეუქცევადად უჭერს მხარს.

„საქართველოს საზოგადოების მოლოდინების და ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ისტორიული შესაძლებლობის გამოსაყენებლად. შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მიიღონ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა.

რინკევიჩსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

27 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში შეხვდება ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას.

„ქართულ ოცნებას" კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აქვს დაწყებული. როგორც პარტია "ქართული ოცნების"თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნად. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოში 80 დეპუტატი აწერს ხელს.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.

ასევე ნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით განიხილავს

„კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს მთავრობას ანიჭებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება და სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია. წარდგინებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული საგარეო-პოლიტიკური ამოცანების შესრულებაში მონაწილეობაც საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც ყველა სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, მხოლოდ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ანუ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია", - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერში.

საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, რომლის შემადგენლობაშიც არიან:

  • მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
  • ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
  • გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
  • ირინე იმერლიშვილი – წევრი;
  • გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
  • ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
  • მანანა კობახიძე – წევრი;
  • ვასილ როინიშვილი – წევრი;
  • თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მომავალი არ შეიძლება, დღეს იყოს რუსეთი