დემონსტრანტები ერევანში დილიდან ბლოკავენ ქუჩებს, არიან დაკავებულები

პოლიციამ ერევანში რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა ქუჩების გადაკეტვის მცდელობისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ერევანში გრძელდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებმა 26 სექტემბრის დილიდანვე დაიწყეს ქუჩების ბლოკირება.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, მომიტინგეები აპრობირებული ხერხით მოქმედებენ: რამდენიმე წუთით ბლოკავენ ქუჩებს და ცდილობენ მოძრაობის პარალიზებას. მომიტინგეების ამ ნაბიჯებს პოლიციის მხრიდან შესაბამისი მოქმედებები ახლავს.

დემონსტრანტები ჩივიან, რომ დაკავებების დროს პოლიცია მათ მიმართ ძალას იყენებს.

გუშინ დაკავებულთა რაოდენობამ 168-ს მიაღწია. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ბრალდება 26 პირს წაუყენეს. ერთ-ერთი მათგანია ლევონ ქოჩარიანი, სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟი. ის ერთ-ერთი აქციის დროს გასულ კვირაში დააკავეს და მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია მის წინააღმდეგ ძალას იყენებს, სწორედ ქოჩარიანია ბრალდებული ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობაში. გუშინ სასამართლომ მას ერთი თვით მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა.

ასევე დროებით დააკავეს აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი ანდრანიკ თევანიანი.

საპროტესტო აქციები ერევანში მოჰყვა სომხეთის მთავრობის პოზიციას, დათანხმებოდა მთიან ყარაბაღში (სომხური სახელწოდება - არცახი) აზერბაიჯანის პირობებით ზავის დამყარებას. მათი თქმით, არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას ჩამოერთვა ავტონომია და აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და ჰუმანიტარულ დახმარებას მთიანი ყარაბაღისთვის. შეიქმნა ეროვნული კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელისუფლების გადასაყენებლად, საპარლამენტო ოპოზიცია კი ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას აპირებს.

თავად სომხეთის პრემიერ-მინისტრი კი ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებს სომხეთის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეების მიერ ინსპირირებულად მიიჩნევს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი კი ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებს სომხეთის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეების მიერ ინსპირირებულად მიიჩნევს

„ბოლო წლებისა და ამჟამად ჩვენ გარშემო მოვლენების სიღრმისეული საზრისი ასეთია: იქნება სომხეთი სუვერენული, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო თუ შეშინებული განაპირა პროვინცია? პრაქტიკულად უკვე ასეთი არჩევანი ღიად და გამჭვირვალედ დადგა სომხეთის შიდა პოლიტიკურ ველზე. და ყოველი მოქალაქე ვალდებულია, გააკეთოს არჩევანი: ის დამოუკიდებლობის დაცვისათვის მოძრაობის წევრია თუ განაპირა პროვინციის მომხრე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა 24 სექტემბერს მოქალაქეების წინაშე სატელევიზიო გამოსვლაში.

ფაშინიანი და სომხეთის ბევრი მოქალაქე რუსეთს ბრალს სდებენ, რომ მან არ გამოიყენა თავისი სამშვიდობო ძალები ყარაბაღში ეთნიკური სომხების დასაცავად.
რუსეთი ტრადიციულად წარმოადგენდა სომხეთის დამცველ სახელმწიფოს რეგიონში.

გასულ კვირაში მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული ხელისუფლება დამარცხდა აზერბაიჯანის მხრიდან წარმოებულ სწრაფ ბრძოლაში და იძულებული გახდა, მიეღო აზერბაიჯანის მხარის ულტიმატუმი, რაც ყველა შეიარაღებული ფორმირების განიარაღებას და დაშლას ითვალისწინებს. ამის შემდეგ ბაქომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე თავისი სუვერენიტეტის აღდგენა გამოაცხადა.

ამ ვითარებაში მთიანი ყარაბაღიდან გრძელდება ადგილობრივი სომხური მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია.

25 სექტემბრის საღამოსთვის, ლაჩინის ხეობის გავლით ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა 6650 იძულებით გადაადგილებული პირი. მათი უმრავლესობის მიღება და რეგისტრაცია ხდება გორისში განთავსებულ "წითელი ჯვრის" ცენტრში.

მთიანი ყარაბაღიდან დევნილები კორნიძორში. 25 სექტემბერი, 2023 წელი

"ჩვენს ხალხს არ სურს აზერბაიჯანის ნაწილად ცხოვრება. 99.9 პროცენტს ურჩევნია დატოვოს ჩვენი ისტორიული მიწები", - უთხრა სააგენტო "როიტერსს" დავით ბაბაიანმა, სეპარატისტული მთავრობის დე ფაქტო ლიდერის, სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ ერევნის მხარდაჭერით.

ასევე ნახეთ

რამ შეიძლება შეაჩეროს მთიანი ყარაბაღის დაცლა სომხური მოსახლეობისგან?