ლუკაშენკა ბელარუსის მოქალაქეებს დრონების გამოყენებას უკრძალავს

ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალა დრონების შეძენა, შენახვა, გაყიდვა, წარმოება და გამოყენება პირადი მიზნებისთვის. შესაბამის განკარგულებას სახელწოდებით "სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატების სახელმწიფო რეგისტრაციისა და ექსპლუატაციის შესახებ", ლუკაშენკამ 25 სექტემბერს მოაწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად, სამოქალაქო დრონების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ბელარუსის ტრანსპორტის სამინისტროს საავიაციო დეპარტამენტისგან ოფიციალური ნებართვის მიღების შემდეგ. თეორიულად, ასეთი ნებართვის მიღება შეუძლიათ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც უპილოტო თვითმფრინავებს ექსკლუზიურად, "სამეწარმეო და პროფესიული საქმიანობისთვის", იყენებენ.

დეკრეტში ასევე ნათქვამია, რომ ბელარუსის მცხოვრებლებს აქვთ ექვსი თვე იმისთვის, რომ გაყიდონ თავიანთი უპილოტო თვითმფრინავები ან გადასცენ ისინი შესანახად "მთავრობის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციას." თუ რა სახის ორგანიზაციაა ეს, დოკუმენტში არ არის მითითებული.

  • რუსეთის რიგ რეგიონებში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და განსაკუთრებით მას მერე, რაც დრონები რეგულარულად უტევენ სამიზნეებს რუსეთში, კერძო პირების მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, ასეთი შეზღუდვები მოსკოვში მოქმედებს.