რუსეთი ნიკოლაევს უტევს, სევასტოპოლში განგაში გამოცხადდა

საილუსტრაციო ფოტო: მოწყობილობა, რომლიდანაც უშვებენ "შაჰედის" ტიპის დრონებს

ორშაბათს, საღამოს საათებში, რუსეთის არმია "შაჰედის" ტიპის დრონებით უტევს უკრაინას. იუწყებიან, რომ უკრაინამ, თავის მხრივ, რაკეტები გაუშვა სამიზნეებზე ანექსირებულ ყირიმში.

ერთ-ერთი დარტყმა მოხდა ნიკოლაევზე. ქალაქის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ იყო "მოფრენა", თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რომელ ობიექტზე. ვრცელდება მოთხოვნა, არ გამოქვეყნდეს შეტევის შემდგომი ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. რუსეთის არმიის მომხრე ტელეგრამის არხები ირწმუნებიან, რომ დარტყმა განხორციელდა კულბაკინოს აეროდრომზე, ნიკოლაევთან. დეტალებს არ აზუსტებენ.

ყირიმიდან უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებისკენ ასევე გაშვებულ იქნა "შაჰედის" ტიპის დრონების ორი ჯგუფი.

ანექსირებული სევასტოპოლის რუსულმა ხელისუფლებამ საჰაერო განგაში გამოაცხადა. მოგვიანებით ისინი იუწყებოდნენ, რომ ბელბეკის აეროდრომთან ჩამოაგდეს რაკეტა. დაუდასტურებელი მონაცემებით, რაკეტები გაშვებული იყო ყირიმის ჩრდილოეთში განთავსებული სამიზნეებისკენ. უცნობია, მოხვდა თუ არა რომელიმე სამიზნეს.

გასულ ღამეს რუსეთმა ოდესაზე მიიტანა შეტევა, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა ოდესის საზღვაო სადგური, მასთან ახლოს მდებარე სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, დაინგრა მარცვლეულის საწყობების შენობები. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი.