საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება "ქართული ოცნების" ბრალდებებს, რომ პრეზიდენტი „კონსტიტუციას და კანონს არღვევს“, მას ცილისმწამებლურს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს.
„ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი“.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული "რუსული გადაწყვეტილება“. მისი სიტყვებით, საქართველოს შესაძლო "შავ ხვრელად“ ქცევა მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას.
„რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა“, - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს მოიხსენიებდა ქართველ-რუს ოლიგარქად, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა.
ასევე ნახეთ „ოცნება“ და ოპოზიცია პრეზიდენტს აკრიტიკებენ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების გამო„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ, რადგან მან მოქალაქეობა არ ჩამოართვა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, - იმის მიუხედავად, რომ მას რუსეთის მოქალაქეობაც აქვს მიღებული.
„უცნაური“ უწოდა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ ჩამოართვა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.
ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?