საგამოძიებო სამსახური: ნიკა მელიას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს

ნიკა მელიას პოლიცია აკავებს. თბილისი, გლდანი, 22 სექტემბერი, 2023.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ 24 საათს გაატარებენ - შსს წინასწარი დაკავების 48-საათიან ვადას სრულად გამოიყენებს, ხოლო მათი სასამართლო, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება.

ენმ-ის სამი წევრი 22 სექტემბერს, საღამოს, დააკავეს გლდანში მას მერე, რაც ისინი თავიანთი ნაცემი თანაგუნდელის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის სანახავად მივიდნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ირაკლი ლუხოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნიკა მელია უარს აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.

ლუხოშვილი დაკავებულ ნიკა მელიას პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად თბილისის მთავარ სამმართველოში შეხვდა. შეხვედრა მოხდა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე.

„დაკავებულმა პირმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა….როდესაც მე დაკავებულ პირს შევხვდი, ტანსაცმლისგან ხილულ ადგილებში პირადად მე არ შემიმჩნევია სხეულის დაზიანება“, - აცხადებს გამომძიებელი.

სახალხო დამცველის ცნობით, ომბუდსმენის რწმუნებული გლდანში დაკავებულ სამივე ოპოზიციონერს შეხვდა. ნიკა მელიამ სახალხო დამცველის რწმუნებულს პოლიციელის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ აცნობა.

ამ ამბავს წინ უსწრებდა თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. მისივე მტკიცებით, თავდასხმის დამკვეთი არის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძე.

შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

კოტე ზარნაძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი თბილისის საკრებულოში, ბრალდებებს უარყოფს.

ასევე ნახეთ გლდანში საკრებულოს წევრზე თავდასხმის საქმეზე პოლიციამ 6 პირი დააკავა