„ოცნება“ და ოპოზიცია პრეზიდენტს აკრიტიკებენ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების გამო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეობასაც ფლობს, საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ, რადგან მან მოქალაქეობა არ ჩამოართვა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, - იმის მიუხედავად, რომ მას რუსეთის მოქალაქეობაც აქვს მიღებული.

„უცნაური“ უწოდა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.

„პრეზიდენტმა აუხსნელი გადაწყვეტილება მიიღო და თავისი პოზიცია შეცვალა. ეს უცნაურად გამოიყურება და საზოგადოებას ამაზე კითხვის ნიშნები უჩნდება“, - განუცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებს შაბათს, 23 სექტემბერს.

მისი ვარაუდით, „პოზიციის ცვლილება, ალბათ, იმით უნდა იყოს ახსნილი, რომ კიდევ ცდილობენ მორიგი ბრალდებისთვის ახალი, შეთითხნილი მიზეზები მოამზადონ“.

პრეზიდენტს გადაწყვეტილება დაუწუნეს ოპოზიციაშიც.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „კანონის დარღვევით აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა“ და „მორიგი მავნებლობა“ უწოდა ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას.

ბოკერიას თქმით, სრული აბსურდი და სიცრუეა, თითქოს მოქალაქეობის ჩამორთმევით საქართველოს ხელისუფლებას რაიმე სახით ეზღუდება ფარცხალაძის დევნა. „ეს არის, უბრალოდ, სისულელე“, - თქვა მან. კომენტარს პარტიის პრესცენტრი ავრცელებს.

პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა აუცილებელი იყო, თუმცა პრეზიდენტის განმარტებას ელოდება:

„აუცილებელი იყო ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. ვნახოთ, დაველოდები პრეზიდენტის განმარტებას. მე ვიცი, რომ სამართლებრივად შეიძლება ცალკე სხვა ქვეყნის მოქალაქე გასამართლდეს იმ ბრალდებით, რა ბრალდებაც აქვს ფარცხალაძეს“ - განაცხადა მან.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეცდომაა: „თუ მან გადაწყვიტა, არის შეცდომა, შეცდომაშია შესული. თუ სხვამ ურჩია, ბრიყვული რჩევაა“, - უთხრა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ ჩამოართვა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.

„ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“, - ასე განმარტა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება.

19 სექტემბერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მზად იყო ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაწყვეტად.

20 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და დასკვნა პრეზიდენტს გაუგზავნა.

სანქცირებული „ქართველი-რუსი“ ოლიგარქი

14 სექტემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“.

შეერთებულის შტატების ცნობით, ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში, სავარაუდოდ, დაეხმარა „ეფესბეს“ ოფიცერი, რომელიც ამავე დროს ფარცხალაძის ბიზნესპარტნიორია.

საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ემორჩილება, ფარცხალაძეზე დაკისრებული სანქციები გაითვალისწინა და მას ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა.

მაგრამ, ფარცხალაძის სანქცირების ფონზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ ბრძანება შეცვალა და „გამონაკლისი“ დაუშვა.

თურნავას 19 სექტემბრის ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკებს სებ-ისგან მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.

თავად ფარცხალაძე სანქციებს უწოდებს „ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებას“ და ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება „მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული“.

ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?