შეგვიფასეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტები - პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიას მიმართავს

საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიას ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს.

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტისთვის, კლერ ბაზი მელორისთვის გაგზავნილი წერილით მას 12 რეკომენდაციის შესასრულებული მიღებული კანონების, კანონპროექტებისა და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვს.

შესაფასებლად გაგზავნილი დოკუმენტების სია ასეთია:

  • საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონი;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მუხლები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურზე;
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მუხლები ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე;
  • საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი;
  • საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა.

14 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე მიიღეს ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

ევროკომისიის 12 პირობის შესრულების მონიტორინგის ანგარიშში [სტატუსმეტრი], რომელსაც „ღია საზოგადოების ფონდის“ ეგიდით არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვიურად აქვეყნებენ, ნათქვამია, რომ

  • სრულად შესრულებულია 1 რეკომენდაცია,
  • მეტწილად - 2,
  • ნაწილობრივ - 7,
  • ხოლო კვლავ შესასრულებელია 2 რეკომენდაცია.

ბოლო ანგარიში 15 სექტემბერს გამოქვეყნდა.