პარასკევს ოდესის პორტი დატოვა უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა დიდმა გემმა, რომელიც შავი ზღვის დერეფნით გაიტანს მარცვლეულს მარცვლეულის გარიგებიდნ რუსეთის გასვლის შემდეგ. უკრაინამ დერეფანი გახსნა რუსეთის მხრიდან საზღვაო ბლოკადის მიუხედავად.
ივლისიდან უკრაინას შეწყვეტილი ჰქონდა მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ექსპორტი საზღვაო გზით, თურქეთის სრუტეების გავლით, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა საზღვაო დერეფნის დახურვის შესახებ. რუსეთის არმია დაემუქრა ყველა გემს, რომლებიც უკრაინაში მიემგზავრებოდა, რომ მათ სამხედრო სამიზნეებად მიიჩნევს.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეეცადა, დაეყოლიებინა პუტინი, რომ უარი ეთქვა ბლოკადაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ამის შემდეგ უკრაინამ პირდაპირ თურქეთთან მიაღწია შეთანხმებას კრემლის გარეშე.
პირველი საცდელი რეისი გუშინ შესრულდა და წარმატებით დასრულდა. თურქულმა ხომალდმა, რომელიც პალაუს დროშით ცურავს, სამი ათასი ტონა უკრაინული ხორბალი ჩაიტანა ბოსფორამდე. ანალიტიკოსებმა გაბედულ კამპანიას უწოდეს „ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ზღვაზე ომში“.
პარასკევს გზას გაუდგა გემი Aroyat-ი უფრო დიდი ტვირთით, მას თითქმის 18 ათასი ტონა მარცვლეული გადააქვს. როგორც BBC იტყობინება, გემი მალე დატოვებს უკრაინის ტერიტორიულ წყლებს.
უკრაინის მთავარი საექსპორტო პროდუქტის ახალი დერეფანი არც მოცულობით და არც უსაფრთხოებით არ შეედრება წინა დერეფანს. ექსპერტების აზრით, რუსეთი შესაძლოა შეეცადოს, შეაფერხოს მიწოდების ეს არხი, რადგან მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ იგი მიზანმიმართულად ანადგურებს პორტის ინფრასტრუქტურას და მარცვლეულის მარაგს უკრაინაში, რომელიც მისი მთავარი კონკურენტია მარცვლეულის გლობალურ ბაზარზე.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ წინსვლა არ მომხდარა მარცვლეულის გარიგების განახლების მცდელობაში. მან თქვა, რომ ჯერჯერობით არ იგეგმება ერდოანისა და პუტინის მოლაპარაკებები ამ საკითხზე.