საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შოვში მეწყრულ მასებში მოყოლილი ადამიანები, რომელთა ცხედრებიც სამძებრო სამუშაოების დროს იპოვეს, მომენტალურად დაიღუპებოდნენ. მინისტრი პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიბარა.
"სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად, მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები", - თქვა ვახტანგ გომელაურმა, რომლის უწყების დაქვემდებარებაშიც არის სახანძრო-სამაშველო სამსახური.
მინისტრის თქმით, სტიქიის პირველივე წუთებიდან აწვდიდნენ საზოგადოებას გადამოწმებულ ინფორმაციას - შეტყობინება 112-ში შევიდა 15:07 საათზე, რამდენიმე წუთში კი სამაშველო სამსახური უკვე შემთხვევის ადგილისკენ მიდიოდა.
"საერთო ჯამში, მიღებული იქნა 62 შეტყობინება და პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდა 175 პირი. შეტყობინებების მიღებისთანავე დაიწყო შესაძლო დაკარგული პირების იდენტიფიცირება, როგორც შეტყობინების ინიციატორებთან უშუალო კომუნიკაციით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზების მიხედვით. დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში", - აღნიშნა მან.
ასევე ნახეთ უკანასკნელი დაკარგული შოვში - რას ითხოვენ იურისტები? იტყვიან რამეს დაღუპულების ახლობლები?3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.
შოვში მეწყრული პროცესების შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, ერთი დაკარგულის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.