ჰიპნოზის ჩაშლილი სეანსი 

რობერტ როდრიგეზის ფილმში „ჰიპნოზური“ (2023) მთავარ როლს ბენ აფლეკი ასრულებს.

„ჰიპნოზური“ (აშშ, 2023, რეჟისორი რობერტ როდრიგეზი)

ეჭვგარეშეა, რომ რობერტ როდრიგეზი პოპულარობას კარგავს. „ჰიპნოზურს“ არც კანის ფესტივალზე გამართულმა პრემიერამ უშველა - წლების წინ „მეორე ტარანტინოდ“ მონათლული რეჟისორის ახალი ნამუშევარი ჩავარდა ამერიკის გაქირავებაში, ე.ი. იქ, სადაც როდრიგეზი განსაკუთრებით უყვართ. ვერ უშველა ფილმს ვერც ბენ აფლეკმა, რომლის გმირი, ქალაქ ოსტინის დეტექტივი, დაკარგული ქალიშვილის ძიებაში ბანკის ძარცვის სერიას გადაეყრება. ამის მერე ფილმში მოვლენები სწრაფად და მოულოდნელად ვითარდება. თუმცა ეს მოულოდნელობა არა იმდენად „სასპენსს“ ქმნის, რამდენადაც აბნევს მაყურებელს. განსაკუთრებით იმას, ვისაც უჭირს კრიმინალური სიუჟეტიდან ფსიქოდრამასა და ფანტასტიკაზე გადართვა, ჰიპნოზისა და სიმულაციის ერთმანეთისგან გარჩევა. მეტიც, ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორსაც უჭირს დაიძვრინოს თავი იმ ქსელიდან, რომელიც თავად დახლართა. თეორიულად, როდრიგეზი არ ღალატობს თავის სტილს - მინიმალური ბიუჯეტით ცდილობს შექმნას სანახაობა, რომელიც მისივე სიტყვებით ალფრედ ჰიჩკოკს ეძღვნება. წესით, მის ფანებს „ჰიპნოზურიც“ უნდა მოსწონებოდათ... მაგრამ მსოფლიო კინოპრესას და „სალაროს“ მაჩვენებლებს თუ დავუჯერებთ, „ნეონუარის“ დიდოსტატს თაყვანისმცემლებმაც უღალატეს.

ცხადია, „სალარო“ და მოგება არასდროს გამოხატავს ფილმის ხარისხს. როდრიგეზი მუდამ იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება სანახაობის შექმნა და, რომ გასართობი ფილმის ავტორს არ უნდა აშინებდნენ დიდი სახელები და დიდი სტუდიები. როდრიგეზმა, რომელიც კვლავაც ცდილობს დაუპირისპირდეს ჰოლივუდის გიგანტურ ბლოგბასტერებს მათივე ენის გამოყენებით, ამჯერად მეტრაჟით, ფილმის ხანგრძლივობით შეუტია მოდას უსაშველოდ გრძელ კინოზე - „პიპნოზური“ მხოლოდ 90 წუთი გრძელდება! მაგრამ ამით ჩიხში მოექცა; დეტალების და დამაკავშირებელი სცენების დეფიციტი ბოლო კადრამდე შესამჩნევია. ეპიზოდების ხანგრძლივობა, კადრის ხანგრძლივობა, წყვეტილი დიალოგები არაა საკმარისი დაძაბულობის შესაქმნელად... ფილმი ისე შეიძლება დასრულდეს, რომ ვერ მოასწროთ გაითავისოთ ატმოსფერო და მთავარი გმირის განცდები.

რობერტ როდრიგეზმა მიგვაჩვია „სისხლიან კინოს“, რომელიც მისი თაყვანისმცემლების აზრით მექსიკური კულტურის მსუბუქი პაროდირებაცაა და „კულტურული იდენტობის“ შენარჩუნებაც ჰოლივუდში (მექსიკელების დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ არაერთ კინორეჟისორს გამოუხატავს კარგ ფილმებში). „ნორმალური ცხოვრების“ მიღმა სამყარო, ერთგვარი კულისები ჩვენი რეალობისა მას ყოველთვის აინტერესებდა. მაგრამ „ჰიპნოზურში“ მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა თავისი ხელწერა თანამედროვე კინოში, განსაკუთრებით ჰოლივუდში დამკვიდრებული პოპულარული ტენდენციისთვის მოერგო. აქ რეჟისორი მგონი არც მალავს, რომ ლამის მთელი ფილმი ქრისტოფერ ნოლანის „დასაწყისს“ ციტირებს. ხანდახან შეიძლება ვიფიქროთ, რომ ესაა პაროდია „ნოლანიზმზე“, ხანდახან კი, როცა ვამჩნევთ, რომ როდრიგეზის ტექნოტრილერს იუმორი საერთოდ არა აქვს, შეიძლება დაგვებადოს მზაკვრული აზრი - არა, ეს უბრალოდ ეპიგონობაა, „ნოლანი ღარიბებისთვის“.

კი, „მატრიცა“ ეპოქა გახდა. ალტერნატიული რეალობის ასახვა იმ კინემატოგრაფისტთა ვნებად იქცა, რომლებსაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, არ შეუძლიათ სინამდვილის აღბეჭდვა და ყოველივე კონკრეტულის ეშინიათ. ამ მოდას დღევანდელობამაც შეუწყო ხელი - სივრცემ, რომელიც გადაჭედილია ფეიკებით და შეთქმულებებით, სივრცემ, რომელიც ხელს უწყობს პარანოიდული ვირუსების სწრაფ გავრცელებას და იმის დაჯერებას, რომ თანამედროვე სამყარო სიმულაკრია, რეალობა კი სადღაც სხვაგანაა. „ჰიპნოზურშიც“ ასეა სწორედ - ერთი რეალობა ცდილობს შენიღბოს მეორე, თუმცა ორივე ერთნაირი წარმატებით აგრძელებს ჩვენს მანიპულაციას, ანუ იმას, რის მიმართაც რობერტ როდრიგეზი ყოველთვის შეურიგებელი იყო. სწორედ ამიტომ დაიმკვიდრა თავის დროზე „მეორე ტარანტინოს“ სახელი.

ჩანაფიქრის დონეზე „ჰიპნოზური“ ნამდვილად საინტერესო კინოა. ჰიპნოზი და მანიპულაცია აქ სიუჟეტის ნაწილი ხდება - ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჰიპნოზის მსხვერპლი ბოროტმოქმედად იქცეს. მაგრამ საბოლოოდ ეს ჩანაფიქრი მხოლოდ ესკიზს გვიტოვებს ფილმისთვის და ვერ სცდება იაფფასიანი ტრილერის საზღვრებს - წითლად და მწვანედ განათებული ინტერიერებით და ათასი სხვა ბანალურობით. ამას დაუმატეთ ძალიან სუსტი სცენარი, რომელშიც რწმენა, პროექცია, მოულოდნელი მოგონებები არეულია და აუწყობელი. ყველა სცენა, ყველა დიალოგი სრულდება ეჭვით და უარყოფით იმისა, რაც აქამდე ვნახეთ და მოვისმინეთ. მაგრამ ამით არაფერი იცვლება, არაფერი ვითარდება... და რამდენიმე ასეთი სცენის შემდეგ უკვე წინასწარ ვხვდებით - ყველაფერი, რასაც ავტორი გვასმენინებს და გვაყურებინებს, მის მიერვე იქნება უარყოფილი. შესაბამისად, ჩვენი ყურადღება დუნდება და ეს საათნახევრიანი ისტორია გვეჩვენება როგორც გაუთავებელი.

კანის ფესტივალზე, „ჰიპნოზურის“ პრემიერის წინ როდრიგეზმა არაერთხელ გაიმეორა, ამ პროექტში მაყურებელთან თამაშის იდეამ მომხიბლაო. გამოდის, რომ ის, რასაც დასცინოდა თავის საუკეთესო ფილმებში (თუნდაც „დაისიდან აისამდე“ რომ გავიხსენოთ), აქ მხატვრულ პრინციპად აქცია. არა, განა არ ცდილობს თამაშის პროცესში პუბლიკასთან თანასწორობა შეინარჩუნოს და ძველებურად, მისთვის დამახასიათებელი „შავი იუმორი“ მოიშველიოს. ფინალი ნახეთ, როგორია. ფინალურ ტიტრებზე ფილმი არ გათიშოთ. ტიტრები რომ ჩაივლის, ფილმი გაგრძელდება! სხვა საქმეა, რომ აღარ უშველის „მაიმუნობა“ და აუცილებლად გამოჩნდება მაყურებელი, რომელიც იტყვის - „რა ჭირს ამ კაცს? სადამდე დაცემულა“.

აფლეკი? რა ვიცი, აბა. მთავარი გმირი კატასტროფულად უემოციოა, ქარიზმის გარეშე. აფლეკის მზერა მგონი ფილმის ბოლომდე არ იცვლება. არსებითად მას სათამაშო არც აქვს - კლიშეებით სავსე სცენარი პერსონაჟს განვითარების საშუალებას არ აძლევს.

არ დაგიმალავთ, მე პირადად მხოლოდ გამიხარდება, ასეთი კინოს კრიზისი თუ დაიწყება. რამდენიც არ უნდა გაგვახსენონ ამათ „ზერეალურის“ არსებობის შესახებ, რამდენჯერაც არ უნდა შეგვაშინონ ჰიპნოზებით და კოსმოსური ძალებით, რეალობას, სწორედაც რომ კონკრეტული სახეებით, მაინც ვერ დაგვავიწყებენ და კინო კიდევ დიდხანს დარჩება ხელოვნებად, რომელიც სიცოცხლეს აღბეჭდავს, მთელი მისი სილამაზით და სიმახინჯით.