ევლახში დასრულდა მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათი გრძელდებოდა.
შეხვედრის შედეგების შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებულ ცნობაში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ "მოლაპარაკებებზე ყარაბაღში მცხოვრები სომხების რეინტეგრაციის საკითხები განიხილეს".
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა დეპუტატი რამინ მამედოვი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიმდინარე წლის მარტში ყარაბაღელ სომხებთან კონტაქტებზე პასუხისმგებელ პირად დანიშნა. აზერბაიჯანის დელეგაციაში ასევე შედიოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე ბაშირ ჰაჯიევი და სპეციალური მისიის თანამშრომელი ილკინ სულთანოვი.
აზერბაიჯანული მედიის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ყარაბაღის მხარეს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტთან თანამშრომლობის ცენტრის დირექტორი სერგეი მარტიროსიანი და მთიანი ყარაბაღის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი დავით მელკუმიანი წარმოადგენენ.
ევლახში გამართულ შეხვედრას არცერთი საერთაშორისო მედია არ ესწრებოდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებმა ევლახი დატოვეს. მომდევნო შეხვედრის თარიღი უცნობია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.
პრეზიდენტ ალიევის თანახმად, მისი წარმომადგენლები აზერბაიჯანის ხელისუფლების ხედვას ყარაბაღის თემის წარმომადგენლებს ქალაქ ევლახში დაგეგმილ შეხვედრაზე გააცნობდნენ. ილჰამ ალიევის თქმით, ყარაბაღს ხელახლა ააშენებენ, უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივ მცხოვრებთა უფლებები - განათლების, რელიგიური და მუნიციპალური არჩევნების და რეგიონში განხორციელდება სხვადასხვა სოციალური პროგრამა.
ასევე ნახეთ
პრეზიდენტმა ალიევმა აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი