ირაკლი ღარიბაშვილი ჯეიკ სალივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს“.

საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. „ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას“.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიც და საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის დროულად ჩამოსვლის მნიშვნელობა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგენის დანიშვნას, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს".

ირაკლი ღარიბაშვილი ჯეიკ სალივანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-შიც (ყოფილი ტვიტერი ) გამოეხმაურა.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯერ სალივანს. განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ჩავუღრმავდით მის მნიშვნელობას რეგიონული და გლობალური გამოწვევების გადაჭრის საქმეში“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

უცნობია, შეეხნენ თუ არა შეხვედრაზე საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დაცვის საკითხს.

14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსანს, ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებულ „ქართველ-რუს ოლიგარქს“, ბიზნესმენ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ემორჩილება, ფარცხალაძეზე დაკისრებული სანქციები გაითვალისწინა და მას ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა. თავდაპირველად, 17 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებმა) თქვა, რომ ეს ასეც უნდა ხდებოდეს და ზოგადი მითითება ყველა სანქცირებულ პირზე ვრცელდება. მას შემდგ რაც მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სების ამ გადაწყვეტილებას „არაკონსტიტუციური“ უწოდა. მეორე დღეს 18 სექტემბერს სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ ზუსტად ამ არგუმენტით გამოსცა ბრძანება და „გამონაკლისი“ დაუშვა. ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკებს სებისგან მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.
ასევე ნახეთ სავალუტო ფონდი შეშფოთებულია სანქციებთან მიდგომის შეცვლაზე ეროვნული ბანკის განცხადებით
ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისსა და ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს, საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხსა და საქართველოსთვის ესტონეთისა და ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში შეხვედრებს მართავს გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში.