საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლებმა გამართეს აქცია - „სიმართლის საათი“ - სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენდნენ.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა წულუკიანის საქმიანობა გააპროტესტეს.
„კულტურის სამინისტროს პოლიტიკა ანადგურებს კულტურას - ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და ჩვენი სიამაყის მთავარ საყრდენს. რეპრესიული პოლიტიკა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობას, მიზანმიმართულად აფერხებს თანამედროვე ხელოვნების და მეცნიერების განვითარებას, ახშობს თავისუფალი და კრიტიკული პროფესიული აზრის გამოხატვას; ცდილობს კულტურის მოთვინიერებას, შეზღუდვას, სამთავრობო პროპაგანდის ინსტრუმენტად ქცევას. არა ცენზურას! კულტურა ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ - აცხადებდნენ აქციის ორგანიზატორები.
არქეოლოგმა ნიკოლოზ წიქარიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე საკითხზე გააკეთა აქცენტი.
„პირველ რიგში, ვდგავარ იმიტომ, რომ გელათის კედლის მხატვრობა შეეწირა აბსოლუტურად არაკომპეტენტურ და დაბალი კვალიფიკაციის გადაწყვეტილებებს, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ქალბატონი თეას უმეცარი სიჯიუტე. მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლის ისეთი დაზიანება, რომლის გამოსწორებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ჯვრის მონასტერი არის მძიმე მდგომარეობაში და ამ დროს ქალბატონი თეა, როგორც სჩვევია, აჩერებს პროექტს, რომელსაც დაფინანსება აქვს ნახევარი მილიონი და ის, ფაქტობრივად, ხელს უშლის ძეგლის გადარჩენას.
წულუკიანმა ყველა სფეროში ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ, ჩამოიშორა.
დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინსტიტუცია ჩამოშლილია“, - განაცხადა წიქარიძემ და დაამატა, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბოლომდე იბრძოლებენ.
წიქარიძე აცხადებს, რომ წულუკიანმა მოშალა მწერალთა სახლი, კინოცენტრი და თავს ესხმის ჩუბინაშვილის ცენტრს.
წიქარიძემ უარყოფითად შეაფასა პარლამენტში კულტურის მინისტრის გამოსვლა. „წულუკიანის გამოსვლა იყო უსუსური, არგუმენტებისგან დაცლილი და აგებული იყო ჭორებზე“, - აღნიშნა მან.
ანალოგიური შინაარსის აქცია გაიმართა ბათუმში. „არა ცენზურას!" „დამოუკიდებლობა კინოცენტრს", - აქციაზე შეკრებილებს ამ შინაარსის ტრანსპარანტები ჰქონდათ.
თეა წულუკიანის "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლის დროს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის ტრიბუნასთან გაშალეს ბანერი „ქართული ოცნების“ ლოგოთი და უკრაინელი მებრძოლის ცნობილი ფრაზით რუსული სამხედრო ხომალდის შესახებ.