ზურაბიშვილი ეროვნულ ბანკში თურნავას წარდგენის გამო ბოდიშს იხდის და მას გადადგომისკენ მოუწოდებს

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში კანდიდატად წარადგინა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა. ქვეყნის პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს გადადგომისკენ ბრიფინგიდან მოუწოდა.

"პირადად ჩემ მიერ წარდგენილ კანდიდატ ნათია თურნავაზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ და თუნდაც, ბოდიშს ვიხდი. მას რომ არ გადაედო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები... პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად მიაყენა ზიანი, უნდა გადადგეს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა გამოსავალია, ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ გააუქმოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

"დროა, ასევე, საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს ზედამხედველობის ფუნქცია - საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით შესაძლებელია და აუცილებელია ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება ამ საბჭოს რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა", - დასძინა მან.

ასევე ნახეთ ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტიც გადადგა

19 სექტემბრის მონაცემებით, ეროვნულ ბანკში 7 წევრი იყო, მათგან სამი ვიცე-პრეზიდენტი.

საქართველოს ეროვნული ბანკის კიდევ ორმა ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს, გამოიცა ბრძანება, რომელიც გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. ამ ცვლილებით, ეროვნულმა ბანკმა აღსრულების წესში გამონაკლისი დაუშვა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის.

რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარში ნათქვამი არგუმენტები:

  • "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
  • "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".
ასევე ნახეთ კობახიძე არაკონსტიტუციურს უწოდებს ფარცხალაძისთვის  ქართულ ბანკებში ანგარიშების გაყინვას
ასევე ნახეთ ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში

ყველაზე დიდი ბანკები, "თიბისი ბანკი" და "საქართველო ბანკი", აცხადებენ, რომ აგრძელებენ საერთაშორისო სანქციებით დაწესებული რეგულაციების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რა რეგულაცია აქვს მიღებული ეროვნულ ბანკს.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ასევე ნახეთ ოთარ ფარცხალაძეს აშშ-მა სანქციები დაუწესა

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.