პუტინი იმედოვნებს, რომ ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა მშვიდობიანი გზით იქნება შესაძლებელი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ნიჟნი-ნოვგოროდი, 8 სექტემბერი, 2023.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ შესაძლებელი იქნება მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიან კალაპოტში გადაყვანა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისთან შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგების ზონაში 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა, მათგან ნახევარზე მეტი ბავშვია.

„ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ კონფლიქტის ყველა მხარესთან: ერევნის, სტეფანაკერტის და ბაქოს ხელისუფლებებთან. ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ დეესკალაციის მიღწევას და პრობლემის გადაჭრის მშვიდობიან კალაპოტში გადაყვანას“, - თქვა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღში აქტიურად თანამშრომლობენ მხარეებთან. „ჩვენი სამშვიდობოები აქტიურად მუშაობენ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან. ისინი ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, - აღნიშნა მან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, რომელთა მიზანია „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, იქ მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირების და სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენა“.

აზერბაიჯანმა ოპერაციის დაწყების მიზეზად დაასახელა „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომლის და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. ბაქომ ერევანი დაადანაშაულა „მიზანმიმართული ტერორისტული პოლიტიკის“ გაგრძელებასა და დარღვევაში რუსეთის შუამავლობით 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში ყარაბაღში დაკარგული რაიონების ნაწილი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში სომხეთის არმიის ქვედანაყოფების ყოფნა უარყო და აზერბაიჯანის მიზნად დაასახელა ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და საბრძოლო მოქმედებებში სომხეთის ჩათრევა.

აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერომ და რუსეთმა.