დეპუტატი ჩიგოგიძე განმარტავს, როგორ მოხვდა რუსეთში მცხოვრები მამუკა ფიფია საქართველოს პარლამენტში

დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე

პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე განმარტავს, რომ რუსეთში მცხოვრები მამუკა ფიფია მას სტუმრობდა საქართველოს პარლამენტში - ფოტოები პარლამენტიდან ფიფიამ საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, სერგეი გავრილოვთან ერთად გადაღებული ფოტოს გვერდით.

„მამუკა ფიფიას ვიცნობ წლებია. დიდი ხანია, ნანახი არ მყავდა. ბოლო წლებია, ორჯერ იყო ჩამოსული და ვერ მოვახერხე შეხვედრა. მთხოვა შეხვედრა. დაემთხვა, რომ სესია მქონდა 6 საათზე, კენჭისყრები გვქონდა და მაგ დროს იყო მოსული. თანაშემწეს ვთხოვე, დაეშვა საშვი. ავიდა ჩემს ოთახში, გაისტუმრა ჩვეულებრივად. მე ფიზიკურად ვერ მოვახერხე ასვლა, გაგრძელდა კენჭისყრები. ვთხოვე, დამიცადე და ამოვალ-მეთქი. ერთი საათი ვერ მოვახერხე ასვლა. გავიგე, რომ სურათი გადაუღია, ჩემ სკამზე დამჯდარა. შეიძლება უნდა, ამ პარლამენტის წევრი გახდეს. ან უხარია სურათის გადაღება. განცვიფრებული ვარ. არ ვიცი, რას ემსახურება ეს“, - ამბობს ჩიგოგიძე.

მისივე თქმით, ფიფია ისე წავიდა, მასთან საუბარი ვერ მოახერხა.

„ამ ადამიანს რამე დანაშაული აქვს ჩადენილი? არ ვიცი“, - ამბობს ჩიგოგიძე.

პარლამენტში მამუკა ფიფიას ვიზიტი აქციით გააპროტესტეს. 20 სექტემბერი, 2023.

რუსეთში მოღვაწე მამუკა ფიფია მოსკოვი-თბილისის აღდგენილი ავიარეისების ერთ-ერთი პირველი მგზავრია.

ფიფიამ საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტში გადაღებული ფოტო წარწერით: „ვეცნობი საქართველოს კონსტიტუციას“. ამავე ფოტოს კომენტარებში ფიფია წერს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო მისი იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

მამუკა ფიფიას ინსტაგრამპოსტი

ფიფიას საკუთარ ინსტაგრამზე ასევე აქვს გამოქვეყნებული ფოტო რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან ერთად - გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტს 2019 წელს მასობრივი პროტესტი მოჰყვა.