ჩხუბი და დაპირისპირებაა პარლამენტში

დეპუტატმა ქალებმა კულტურის მინისტრის გამოსვლისას გაშალეს ბანერი უკრაინელი სამხედროს ცნობილი ფრაზით.

პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ჩხუბი და დაპირისპირება იყო დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

ოპოზიციის პროტესტი უკავშირდება აშშ-ის მიერ ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების გარშემო პროცესებს. დეპუტატები მოითხოვენ, დღეს პარლამენტში დებატები ფარცხალაძის შესახებ გამართულიყო, თუმცა სხდომა არსებული დღის წესრიგით წარიმართა - კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენით.

დარბაზიდან გააძევეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. პარლამენტის ფოიეში ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძესთან ფიზიკურად იჩხუბეს დეპუტატებმა ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალებმა ტრიბუნასთან, სადაც წულუკიანი სიტყვით გამოდის, გაშალეს ბანერი უკრაინელი მებრძოლის ცნობილი ფრაზით რუსული ხომალდის შესახებ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, რომელიც დერეფანში ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ „რუსი“ უწოდა, კობახიძემ წითლიძეს კი - აგენტი.

სიტყვიერი დაპირისპირება იყო მიხეილ ყაველაშვილს, მამუკა მდინარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის. ისინი დეპუტატების ოთახში შევიდნენ, სადაც მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ამ სანქციების გამო ოთარ ფარცხალაძეს "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა მას შემდეგ, რაც გუშინ, 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.
ყველაზე დიდი ბანკები, "თიბისი ბანკი" და "საქართველო ბანკი", აცხადებენ, რომ აგრძელებენ საერთაშორისო სანქციებით დაწესებული რეგულაციების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რა რეგულაცია აქვს მიღებული ეროვნულ ბანკს.