ერევნის ცენტრში 19 სექტემბერს გაიმართა ოპოზიციური ძალების მიტინგი, რომელიც თავდაპირველად მოაწყვეს მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებმა, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო მთავრობისგან მოქმედებას მოითხოვდნენ სომხებით დასახლებულ რეგიონში, რომელიც დე იურე აზერბაიჯანს ეკუთვნის.
რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის თანახმად, მიტინგს შემდგომ შეუერთდა ოპოზიციური პარტია, რომელიც მოითხოვს, რომ ერევანმა უარი თქვას მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებაზე. მიტინგის დროს მოხდა შეტაკება პოლიციასთან, არიან დაშავებულები პოლიციებს შორისაც.
ოპოზიციური ძალები ასევე მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას.
ფაშინიანმა 19 სექტემბერს განაცხადა, რომ სომხეთის არმია საომარ მოქმედებაში არ არის ჩართული. მან თქვა, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთს არმია არ ჰყავს.
19 სექტემბერს, დილით აზერბაიჯანის არმიამ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.
ბოლო ცნობებით, დაღუპულია 25, დაშავებულია 139 ადამიანი.
ასევე ნახეთ დაიწყება თუ არა მესამე ომი მთიან ყარაბაღში?