ლიტერატურული პრემია „საბას" 2023 წლის დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინეს. საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში გაიმარჯვა დათო ქარდავამ წიგნით „მეორადი ჰომეროსი“ (გამომცემლობა "ზიარი").
„მეორადი ჰომეროსი“ არის დათო ქარდავას ლექსების კრებული, „თბილისის ყოველდღიურობის პოეზია“, როგორც მას გამომცემელი ნატო ალხაზიშვილი უწოდებს.
„დათო ქარდავა მრავალი წელი იკვლევდა თბილისს, წერდა წერილებს და წიგნებს, სხვადასხვა ღონისძიებებზე საუბრობდა მის შესახებ, და აი, ბოლოს იფეთქა - მთელი ეს ცოდნა ამ ფორმატში ვეღარ დაეტია და პოეზიად გარდაიქმნა. ოღონდ საფანელივითაა აქ ცოდნა, რომ უნდა ააგუნდავოს და შეკრას იმ ლექსის ცომი, რომელშიც ახალი ამბები თამაშდება ძველი კოდებით დატვირთულ გარემოში, ხან სევდიანად, ხან ირონიულად, ხანაც პრობლემების მტკივნეული განცდით", - ვკითხულობთ პოეტური კრებულის ანოტაციაში.
ამავე ნომინაციაში გაიმარჯვა ნინი ელიაშვილმა კრებულით, „სხვა სახელი მოუხდებოდა“ (გამომცემლობა "კალმოსანი").
დათო ქარდავა ჯიმშერ რეხვიაშვილის ფსევდონიმია. ის არის ჟურნალისტი, ბლოგერი, პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი.
ჯიმშერ რეხვიაშვილი მუშაობს რადიო თავისუფლებაში, შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მას მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“.
ასევე ნახეთ ლიტერატურული პრემია „საბას" 2023 წლის გამარჯვებულები გამოავლინესყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაარსდა 2002 წელს. მისი დამფუძნებლები არიან "თიბისი" და რატი ამაღლობელი. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. პრემია "საბაზე” განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემია, რომელსაც "თიბისი" გამოყოფს.