საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ და თქვა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება.
ღარიბაშვილის თანახმად, ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომლებზეც პროგრესის ხილვა სექტემბრის ბოლომდე სურთ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ამ საკითხებს შორისაა დეოლიგარქიზაცია და სასამართლო სისტემის რეფორმირება.
ასევე ნახეთ კობახიძე: ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებსირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მიესალმება დღევანდელ(18 სექტემბერი) განცხადებას ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ. მიშელის თანახმად, მან კვლავ გაიმეორა, რომ ევროკავშირი ერთგულია საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი და დროა კონკრეტულად შესრულდეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პრიორიტეტები.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების და დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტვიტერზე დაწერა, რომ დაადასტურა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტისადმი ერთგულება.
ასევე ნახეთ მიშელი დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის მისწრაფებას ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას2022 წელს საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მის ნაცვლად ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო 12 რეკომენდაცია. მათ შესრულებაზეა დამოკიდებული, მიენიჭება თუ არა საქართველოს 2023 წლის ბოლოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ასევე ნახეთ ღია კარი, შესაძლებლობის ფანჯარა და ევროკავშირის შეუსრულებელი რეკომენდაციებიევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 17 სექტემბერს ნიუ-იორკში ესაუბრა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსაც.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ასევე, შეხვდა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლეს. 18 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა მდგრადი განვითარების სამიტზე.