შოვის ტრაგედიიდან 47-ე დღეს, ჯერ კიდევ ეძებენ სტიქიის დროს დაკარგულ ბოლო, 33-ე ადამიანს - ზაზა მესხის არასრულწლოვან შვილს. ეს ბიჭია უკანასკნელი, რომელსაც ახლა მაშველები ზაზა მესხის ოჯახიდან ეძებენ. 3 აგვისტოს, რაჭის ღვარცოფში მოყოლილი ხუთსულიანი ოჯახიდან ოთხი ცხედარი სტიქიის ზონაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მათგან პირველი, ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა, 5 აგვისტოს, სტიქიიდან მესამე დღეს იპოვეს.
ალინას არასრულწლოვანი შვილის, სევას ცხედარს მაშველებმა 10 სექტემბერს მიაგნეს. მანამდე, ერთი დღით ადრე, თბილისში დაკრძალეს ზაზა მესხი და მისი უფროსი ვაჟი, ისიც არასრულწლოვანი.
13 სექტემბერს, სევას მამამ, იაროსლავ პოლიკოვსკიმ, სოციალურ ქსელში დაწერა:
„ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო პატარა შვილო. საბოლოოდ გიპოვეს. ჩვენ ვიპოვეთ შენი უსიცოცხლო სხეული და ჩვენ "მოხარულები" ვართ ამით. რაოდენ სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ ახლა შეგვიძლია დედასთან ერთად დაგასაფლავოთ. და ჩვენ გვექნება თქვენთან მოსასვლელი ადგილი“.
სად ეძებენ ბოლო დაკარგულს და როდემდე გაგრძელდება მისი ძებნა?
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს შოვის ღვარცოფისას დაკარგული ბოლო ადამიანის, არასრულწლოვანი ბიჭის სამძებრო სამუშაოები. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახისა, რიონის და გუმათჰესის წყალსაცავის მონიტორინგი:
„მაშველების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, მაგრამ ადგილზე არიან მყვინთავი-მაშველები, მეხანძრე-მაშველები, მუშაობენ დრონებით, მცურავი საშუალებებით, ტერიტორიაზე არიან კინოლოგები. შეგვიძლია გითხრათ, რომ ადგილზეა მაშველების ის რაოდენობა, რაც ამ ტერიტორიის დათვალიერებას სჭირდება. მაშველები ძალიან აქტიურად მუშაობენ, რომ ის ერთი დაკარგულიც იპოვონ“.
შსს ამ ეტაპზე, არ აკონკრეტებს სამძებრო ღონისძიების დასრულების თარიღს. გვეუბნებიან, რომ ამგვარი თარიღი დათქმული არ არის. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ არსებობს კანონი, პროტოკოლი თუ ბრძანება, რომელიც ადგენს სტიქიის დროს დაკარგულთა ძებნისა და სამძებრო სამუშაოების დასრულების ვადებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი, 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებდა, რომ „პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისა, რომ ან დაღუპული იქნას ნანახი და თუნდაც რაიმე სახის ფრაგმენტი“.
კომპენსაცია გარდაცვლილების ოჯახებს - ჩემი შვილის და ყველა იქ გარდაცვლილის სიცოცხლე შეუფასებელია
15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, შოვში, 3 აგვისტოს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებს ერთჯერადად 20 ათას ლარს გადასცემენ. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე დააკონკრეტა, რომ დაღუპულების ოჯახები თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათას ლარს მიიღებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილი. აგვისტოს ბოლოს, შოვის სტიქიის გამოძიების საქმეში მას პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭა.
ია მერებაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„საქართველოს მთავრობა, რამდენად გიღირთ თქვენი შვილის არა თუ სიცოცხლე, ოდნავი უგუნებობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა? ჩემი შვილის და ყველა იქ გარდაცვლილის სიცოცხლე შეუფასებელია... რად უღირთ ჩვენი შვილების, მეუღლეების, და-ძმების სიცოცხლე ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე პასუხისმგებელ პირებს... სირცხვილია, 20000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე“...
ია მერებაშვილი, ამ ეტაპზე, მედიასთან ურთიერთობისგან თავს იკავებს. თუმცა, გვეუბნება, რომ შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაგველაპარაკოს. ახლა ის იურისტებთან ერთად ითხოვს შოვის სტიქიის საქმის ეფექტიან გამოძიებასა და ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების დროულ გამოვლენას.
მედიასთან ურთიერთობისგან თავს იკავებენ შოვის სტიქიის დროს დაღუპული სხვა ადამიანების ოჯახის წევრებიც. რადიო თავისუფლებამ რამდენიმე მათგანთან დაკავშირება სცადა, თუმცა, როგორც ისინი გვეუბნებიან, ამ ეტაპისთვის, სასაუბროდ მზად არ არიან.
ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი და ია მერებაშვილის ინტერესების დამცველი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კომპენსაციის დაწესებით, ხელისუფლება, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ სტიქიის შედეგების მინიმუმამდე დაყვანა და ზიანის აცილება მათი პასუხისმგებლობა იყო, თუმცა, მხოლოდ კომპენსაციის დაწესება და ისიც მხოლოდ გარდაცვლილების ოჯახის წევრებისათვის, სახელმწიფოსთვის „გამოსავალი“ ვერ იქნება:
„სახელმწიფო აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას. ახლა უნდა დააზუსტოს, რა დოზით, რა ნაწილში აღიარებს და იღებს მომხდარზე პასუხისმგებლობას. დიახ, ამის დასტურია კომპენსაციის გაცემის საკითხი. თუმცა, კომპენსაცია აბსოლუტურად ვერ ჩაანაცვლებს ეფექტიანი გამოძიების წარმოებას, ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. რამდენი ლარის კომპენსაციაც არ უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ, გამოძიება უნდა ჩატარდეს და ის უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, სრულად უნდა მოხდეს მტკიცებულებების შეგროვება და შემდეგ პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფო კომპენსაციას მხოლოდ გარდაცვლილებთან დაკავშირებით იხდის. გადარჩენილების შესახებ, რომლებსაც უდიდესი ფსიქო-ემოციური ზიანი მიადგათ, არაფერს ამბობს“.
ფულად კომპენსაციას არა, თუმცა, შოვში გადარჩენილებს სახელმწიფო ფსიქოლოგიურ დახმარებას დაჰპირდა.
30 აგვისტოს დამტკიცებული მთავრობის დადგენილების პროექტის თანახმად, შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ასევე, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, „მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ“.
როგორც მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ, „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას".
თუმცა, როგორც „ლელოს“ დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე, კონკრეტულად რას აპირებს სახელმწიფო დაზარალებულების სამედიცინო და სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და კონკრეტულად ვის შეეხება დახმარების პაკეტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან მან მიიღო პასუხი, რომ ამ ეტაპზე, უწყებას პროგრამით მოსარგებლეთა ზუსტი სია არ აქვს და ეს ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან არის გამოთხოვილი:
„რატომ ვჩქარობთ?! რატომ ვბრაზობთ?! დაველოდოთ რა კიდევ რამდენიმე თვე, სანამ სტრესი და საჭიროებები არ გადაივლის და ამ ადამიანებს მარტო არ მოუწევთ მათთან გამკლავება“, - წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
რა პრობლემებს აწყდებიან იურისტები შოვის საქმის გამოძიების პროცესში?
ანა თავხელიძემ, რომელიც შოვის ტრაგედიის გამოძიების საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატის სტატუსით არის ჩართული, 14 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსგან მიიღო პასუხი, რომ სასამართლომ არცერთი მათი მოთხოვნა, რომელიც გამოძიების ეფექტიან წარმართვას უზრუნველყოფდა, არ დააკმაყოფილა.
უფრო კონკრეტულად კი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თათია გოგოლაურმა, უარი უთხრა იურისტებს, რომლებიც ითხოვდნენ:
- დავით ბერიაშვილის დედის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით (ანუ, ითხოვდნენ კვალიფიკაციის დაზუსტებას, რადგან ქალს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით ჰქონდა სტატუსი მინიჭებული);
- სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების იურისტებისთვის გადაცემას, რაც კანონით ეკუთვნის დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
- საქმეს ჩამოშორებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადასცემოდა.
ანა თავხელიძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ მას მაღალი მოლოდინი არ ჰქონდა, თუმცა, საქმის მასალების ასლების გადაცემაზე უარის თქმამ, ყველა მოლოდინს გადააჭარბა:
„უბრალოდ, კანონი არ აძლევდა სასამართლოს მასალების გადმოცემაზე უარის თქმის უფლებას, რადგან კანონი კრძალავს, რომ პროკურორის ჰიპოთეტური მსჯელობა გახდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლისთვის უფლების (მიიღოს საქმის მასალების ასლები) შეზღუდვის საფუძველი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქმის მასალების ასლების გადაცემაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც პროკურატურა უთითებს კონკრეტულ და რეალურ საფრთხეზე და ამგვარი საფრთხის არსებობას ადასტურებს მტკიცებულებით.
ამ შემთხვევაში კი პროკურორს არათუ რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია, არამედ ვერც კონკრეტული და რეალური საფრთხე მიუთითა, რასაც ჩვენთვის მასალების გადმოცემა გამოიწვევდა. პროკურორმა მხოლოდ ზოგადად მიუთითა, რომ თუ ჩვენ საქმის მასალების ასლებს გადმოგვცემდა, ზიანი მიადგებოდა გამოძიების ინტერესებს. სასამართლოს მიერ პროკურატურის უკანონო გადაწყვეტილებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას“, - ამბობს ანა თავხელიძე, რომელიც 20 სექტემბერს ქუთაისში, საგამოძიებო უწყებაში კიდევ ერთხელ უნდა ჩავიდეს და ადგილზე გაეცნოს შოვის ტრაგედიის საქმის ახალ მასალებს.
ასევე ნახეთ ცხედრები ექსპერტიზამდე არსად ჩანს - ხარვეზები შოვის სტიქიის საგამოძიებო მასალებშისაქმის მასალების პირველ 10 ტომს, ანა თავხელიძე და მისი კოლეგა, 22-23 აგვისტოს, ორი დღის განმავლობაში სწავლობდნენ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებას სწორედ ეს უწყება კურირებს.
ამ ეტაპზე, გამოძიება არკვევს, მოჰყვა თუ არა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. ამ დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლები ითვალისწინებს. თუმცა, იურისტები თვლიან, რომ გამოძიება სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს - 128-ე მუხლით - განსაცდელში მიტოვება და 342-ე მუხლით - სამსახურებრივი გულგრილობა.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ობიექტურობასა და ეფექტიანობასთან შოვის საქმეზე მომუშავე იურისტებს არაერთი პრეტენზია და კითხვის ნიშანი აქვთ, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არც პროკურატურას გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ამ დრომდე, არცერთი განცხადება არ გაუკეთებიათ.
18 სექტემბრის მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, კვლავ ეძებენ ერთ დაკარგულს. ნაპოვნია 32 ცხედარი. ბოლო, არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა 8 დღის წინ, 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს.
ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს, ამ დრომდე, არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ სრულყოფილი ოფიციალური ინფორმაცია. ცნობები დაღუპულებსა და დაკარგულებზე, მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში.