საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციებზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ის ამბობს, რომ სუსი აშშ-ს მიმართავს გადმოსცეს მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც მიიღეს გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის შესახებ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ დაიწყეს საქმის მოკვლევა. ეს, რა თქმა უნდა, არის მძიმე ბრალდება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ტიპის სანქციაში მოექცა. ამიტომაც, თავისთავად, სუსი ამ საკითხზე მუშაობს, მათ შორის, მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად და ჩვენ ვთქვით, რომ ამ პროცესის შესახებ სრულად ინფორმირებული იქნება ქართული საზოგადოება.
ადამიანი, რომელსაც ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და საჯარო სამსახურთან, არის კერძო პირი და მეორე, სწორედ იმიტომ, რომ ეს არის მძიმე ბრალდება, ამიტომაც არის, რომ სუსმა დაიწყო ამ საკითხის მოკვლევა. ამიტომაც არის, რომ მტკიცებულებებზე მიმართავს ამერიკულ მხარეს და ამიტომაც არის, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ღია კომუნიკაცია საზოგადოებასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.
ის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.
დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადებაში ცალკე გამოყო ოთარ ფარცხალაძის საკითხი და მას ქართველი-რუსი ოლიგარქი უწოდა.
„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფესბემ" გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. გარდა ამისა, დეპარტამენტი განსაზღვრავს უამრავ სუბიექტს, რომლებიც აწარმოებენ და ასრულებენ რუსული იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში", - აღნიშნული იყო ენტონი ბლინკენის წერილში.
ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე.
2022 წლის სექტემბერში უკრაინამ ფარცხალაძე ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან ასოცირებული 15 ადამიანის სიაში დაამატა. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) მხარდაჭერილ ვებგვერდზე „ომი და სანქციები“ ეწერა, რომ ფარცხალაძე არის „საქართველოს სახელმწიფოს ოლიგარქიული მმართველობისა და ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მონაწილე“, მილიარდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის "ნდობით აღჭურვილი პირი".
შალვა პაპუაშვილმა ოთარ ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე 14 სექტემბერსაც ილაპარაკა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, ფარცხალაძე კერძო პირია და სახელმწიფო სტრუქტურებთან კავშირი არ აქვს. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან.
ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ მხილება უწოდეს.