საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომელიც 2021 წლის 16 მარტს შეიქმნა, ამ დრომდე არ აქვს ვებსაიტი. საიტ culture.gov.ge-ზე შესვლისას, მონიტორზე ჩნდება წარწერა: "ვებგვერდი განახლების რეჟიმშია".
საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2013 წლის 26 აგვისტოს მიიღო დადგენილება, რომელიც ყველა სამინისტროს ავალდებულებს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას "საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე". იგივე დადგენილებაში ჩამოთვლილია პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის სახეები. მათ შორის:
- წლიური ანგარიში;
- ხელმძღვანელი პირების ვინაობა, ბიოგრაფია, ფოტო;
- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, შესაბამისი სამართლებრივი აქტები;
- მონაცემები ბიუჯეტზე;
- და სხვა.
რადიო თავისუფლება რამდენიმე დღეა, ცდილობს უწყების პრესსამსახურის თანამშრომლებთან იმ მიზეზის გარკვევას, რის გამოც ამ დრომდე არ აქვს ვებგვერდი 2,5 წლის წინ შექმნილ სამინისტროს - მათ არც სატელეფონო შეტყობინებას უპასუხეს და არც ზარებს. კულტურის სამინისტროს ცხელ ხაზზე, რომელიც სოციალურ ქსელში საკონტაქტო ნომრად არის მითითებული (032 202 22 29), ამბობენ, რომ ვებსაიტი არ არსებობს კულტურის სამინისტროს განათლების სამინისტროდან გამოყოფის შემდეგ.
2021 წლის 16 მარტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფას, 19 მარტს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანი ახალ სამინისტროში მინისტრად დანიშნა. საზოგადოებრივი მაუწყებლის, "იმედის", "რუსთავი 2-სა" და "პოსტვ-ის" ჟურნალისტების გარდა, თითქმის არცერთი მედიის წარმომადგენელს არ ეგზავნება სამინისტროდან ღონისძიებების შესახებ ანონსები.
ასევე ნახეთ წულუკიანი რკინის ფარდის მიღმა - როგორ ჩაიკეტა კულტურის სამინისტრო ჟურნალისტებისთვის