ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა. მსოფლიოს ძალოსნობის ქართველმა სუპერვარსკვლავმა მორიგ წარმატებას საუდის არაბეთში მიაღწია - +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ორჭიდის ჯამში 473 კილოგრამი დააგროვა და 13 კილოგრამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ სომეხ ვარაზდატ ლალაიანს.
ლაშა ტალახაძემ საბოლოო გამარჯვებამდე, მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცსა და აკვრაშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა და ტრადიციულად, სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველი მძიმეწონოსნის ანგარიშზე უკვე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შვიდ-შვიდი და ოლიმპიური თამაშების ორი ტიტულია.
ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში პირველია, ვინც ოლიმპიურ სახეობაში შვიდჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ამასთან, მსოფლიოს ძალოსნობის ისტორიაშიც შევიდა - მის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ შვიდჯერ ერთადერთი ძალოსანი, ვასილ ალექსეევი, დაუფლებია.